"მომხმარებლების ნაწილი უფრო შემეცნებით, საინტერესო, გრძელვადიან და ჯგუფურ ტურებზე გადაერთო" - Go Tour
გამყვანი ტურიზმის სექტორი 2023 წლის შედეგებით კმაყოფილია. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ – Go Tour-ის დირექტორმა ნინო წიკლაურმა განუცხადა, საქართველოდან მოგზაურობაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.
სხვადასხვა ტუროპერატორის შემთხვევაში, გასულ წელს, მოთხოვნის და გაყიდული ტურისტული პაკეტების მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, საშუალოდ 20-იდან 30 პროცენტამდე გაიზარდა.
ნინო წიკლაურის განცხადებით, მთელი წლის განმავლობაში, ყველაზე კარგად თურქეთის, დუბაის, აბუ-დაბის, ასევე ევროპის ქვეყნების ტურისტული პაკეტები იყიდებოდა. თუმცა, გამყვან ტურიზმზე მომუშავე კომპანიები მომხმარებლის შეცვლილ ქცევაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ქართველი მოგზაური უკვე აღარ კმაყოფილებდა მხოლოდ ამ მიმართულებებით.
„მომხმარებლების ნაწილი უფრო შემეცნებით, საინტერესო, გრძელვადიან და ჯგუფურ ტურებზე გადაერთო. განსაკუთრებით მზარდია ინტერესი აზიურ და ეგზოტიკურ ქვეყნებზე - ინდოეთი, ინდონეზია, ტაილანდი, იაპონია, შრი-ლანკა, მალდივები... ცხადია, გასულ წელს იყოს გამოწვევებიც. მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ომის გამო, საქართველოდან ეგვიპტის მიმართულებით ჩარტერული რეისები ჩაიხსნა, რასაც გარკვეული გავლენა ჰქონდა გაყიდვების მაჩვენებელზე. თუმცა, მომხმარებელი, რომელსაც ზამთარში თბილ ქვეყნებში დასვენება უნდოდა, იმავე ბიუჯეტის ფარგლებში, დუბაი - აბუ-დაბის მიმართულებებზე გადავიდა, შესაბამისად, ეგვიპტის ჩახსნილმა რეისებმა, სექტორს მნიშვნელოვანი ზიანი არ მიაყენა. სხვათა შორის, ეგვიპტისკენ ფრენები მარტის თვიდან აღდგება და უკვე აქტიურად კეთდება ჯავშნებიც. ამასთან, მთლიანად გაზაფხულის სამივე თვეზე გააქტიურებულია ჯავშნები ევროპის ქვეყნებისკენ, მაისიდან კი - თურქული საზღვაო კურორტებისკენ“, - განმარტავს Go Tour-ის დირექტორი.
ნინო წიკლაურმა მომხმარებლის შეცვლილ ქცევაზე საუბრისას, მოგზაურობის წინსწრებით დაგეგმვაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მომხმარებლებმა უკვე რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს ტურისტული პაკეტების შეძენა, რაც ადრე არ ხდებოდა.
„რაც შეეხება ტურისტული პაკეტების ფასებს - პანდემიის შემდეგ, ტურისტული პაკეტები წლიდან წლამდე ძვირდება. 2023 წელსაც 2022 წელთან შედარებით, მოგზაურობა 20%-ის ფარგლებშია გაძვირებული, რაც როგორც ავიაბილეთებზე ფასების მატებამ, ასევე სასტუმროების გაძვირებამ განაპირობა. ვფიქრობ, 20-ევროიანი ბილეთების ხანა, რაც პანდემიამდე იყო, აღარ დაბრუნდება. თუმცა, მიმდინარე წელს, საერთაშორისო ბაზარზე ფასების მატებას აღარ ველით და თუ საქართველოშიც ლარის კურსი სტაბილურობას შეინარჩუნებს, 2024 წელს მომხმარებელს ტურისტული პაკეტები აღარ გაუძვირდება“, - აღნიშნა ნინო წიკლაურმა.
საქსტატის ბოლო მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ 397 ათასზე მეტი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა, რაც 38 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
bp.ge