თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბნელი ხევის ტერიტორიაზე მდებარე ფიტარეთის მონასტრისა და ხულუტის ციხის ფიზიკური მდგომარეობა უცვლელი რჩება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, ფიტარეთის ტაძრის ფასადების კონსტრუქციული მდგრადობის ხარისხი დამაკმაყოფილებელია და მას ახალი ბზარები და სხვა ტიპის დაზიანებები არ გამოვლენია.
სააგენტოს ცნობით, ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ უცვლელი რჩება ხულუტის ციხის ფიზიკური მდგომარეობაც. ძეგლზე განთავსებული ყალაურების მდგომარეობა სტაბილურია და მათ დღემდე დაზიანებები არ მიუღიათ.
განხორციელებული გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში ხარვეზები არ გამოვლენილა ბნელი ხევის ტერიტორიაზე არსებულ არქეოლოგიურ ობიექტზეც - „ნაეკლესიარზე“, რომელიც 2 თვის წინ არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად მიწის საფარისგან გაიწმინდა, დაკონსერვირდა და დამცავი ბადით შემოისაზღვრა. ძეგლის სტატუსის მინიჭების შემდეგ არ გაუარესებულა ბნელ ხევში ახლადაღმოჩენილი ნაეკლესიარის ფიზიკური მდგომარეობაც, რომელიც კომპანია RMG-ის სალიცენზიო ტერიტორიიდან 750-800 მეტრის დაშორებით მდებარეობს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სპეციალური ბადითაა შემოსაზღვრული და გარეშე ზემოქმედებისაგან დაცულია.
ბნელი ხევის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, რომლებიც კომპანია RMG GOLD-ის სალიცენზიო ფართობთან მდებარეობენ, საზედამხედველო მისიებს კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტო რეგულარულად ახორციელებს. ამავდროულად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფიზიკური მდგრადობის შენარჩუნებისთვის სააგენტოს და კომპანიის ერთობლივი ინიციატივით დაგეგმილია სათანადო ქმედებები, რომელიც საკულტო, საფორტიფიკაციო ნაგებობებსა და არქეოლოგიურ ობიექტებზე სამთო-მოპოვებითი საქმიანობის შედეგად მინიმალურ ფიზიკურ ზეგავლენასაც გამორიცხავს.
www.travelingeorgia.ge