ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და გადაადგილების პრობლემა – როგორ დასრულდა სამთო-სათხილამურო კურორტებზე 2017 წლის ტურისტული სეზონი?
06 ივნისი, 2017

ქვეყანაში 2017-2018 წლების სამთო-საკურორტო სეზონი დასრულდა. „კომერსანტი" დაინტერესდა რა მოუტანა წლევანდელმა სეზონმა საქართველოს ზამთრის კურორტებს და რამდენად წარმატებული და მომგებიანი იყო ეს სეზონი მათთვის? „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში" აცხადებენ, რომ  კურორტებზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა: გუდაურში, ბაკურიანსა და თეთნულდზე ერთდროულად 9 ახალი საბაგირო აშენდა, რამაც ტურისტების რაოდენობის ზრდას ხელი შეუწყო. სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამონტაჟებული ავსტრიული კომპანია „სკიდატას" უკონტაქტო გამშვები პუნქტები, საშუალებას იძლევა, ზუსტად მოხდეს ვიზიტორების რაოდენობის დათვლა.

„ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად მოიმატა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ. 2010-2017 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) 364%-ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა"- განმარტავენ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში" .

მათი განმარტებით, გუდაურის წლევანდელი სეზონი, გასულ წლებთან შედარებით, საუკეთესო იყო. „2016-2017 წლებში კურორტზე 276 634 ვიზიტორი დაფიქსირდა. წინა წელთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა 37%-ით, ხოლო მრავალჯერადი ბილეთების გაყიდვის რაოდენობა 59 %-ით მოიმატა. რაც შეეხება ბაკურიანს, 2016-2017 წლის სეზონის მაჩვენებლებით, 2015- 2016 წლებთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 25 %-ით, ხოლო გაყიდული მრავალჯერადი ბილეთების რაოდენობა კი 58 %-ით გაიზარდა. ბაკურიანს 2016-2017 წლის სეზონზე 115317 ვიზიტორი ეწვია. სვანეთში, კურორტ თეთნულდზე 2016-2017 წლის სათხილამურო სეზონზე 8948 ვიზიტორი დაფიქსირდა, ჰაწვალზე კი 7321. 2016-2017 წლის სეზონზე გოდერძის 4491 ვიზიტორი ეწვია. აცხადებენ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში".

წლევანდელ სამთო-საკურორტო სეზონზე  ტურისტების გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობს კერძო სექტორიც. სვანეთში, სასტუმრო „ლაღამის" ხელმძღვანელი გოჩა ხვაბლიანი აცხადებს, რომ გასულ წლის ზამთრის სეზონთან შედარებით ტურისტების რაოდენობა დაახლოებით 25-30 პროცენტითაა გაზრდილი. ამას კი სახელმწიფოს მიერ აქტიურ საინფორმაციო-მარკეტინგულ კამპანიას უკავშირებს.

„ადგილობრივი ტურისტების რიცხვმა იმატა, თუმცა, დიდი მასა პოლონეთიდან ჩამოდის.ეს ქუთაისის აეროპორტიდან პოლონეთის და უკრაინის მიმართულებით იაფიანი რეისებით არის განპირობებული"-აცხადებს ხვაბლიანი.

ხვაბლიანის განცხადებით, ტურისტებს უფრო მეტი მობილიზებით უნდა დახვედრა და ამაში სახელმწიფოს როლი უდიდესია. გარდა ამისა, აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორის ხელშეწყობა, რაც ბანკების მხრიდან სესხების უფრო მარტივად გაცემაში უნდა გამოიხატებოდეს.

სასტუმრო „ლაღამის" ხელმძღვანელი კურორტზე არსებულ პრობლემებზეც საუბრობს, რომლის გამოსწორებაც ტურისტების არსებულ რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის. ხვაბლიანი ამბობს, რომ რეგიონში პირველ რიგში დასუფთავების პრობლემაა მოსაგვარებელი. 

„მთავრობამ უფრო მეტი ყურაადღება და მობილიზება უნდა მოადინოს. ამხელა მასას უფრო მეტი მობილიზციით უნდა დახვედრა. ადგილობრივებს უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ იაფი კრედიტით ისარგებლოს. ბანკები კრედიტებს დიდი პროცენტებში იძლევიან. ამით ძალიან ცოტა პროცენტი სარგებლობს"-აცხადებს ხვაბლიანი.

მისი ინფორმაციით, კურორტზე მოსაგვარებლია საყოფაცხოვრებო ნარჩენების პრობლემაც.

მიუხედავად იმისა, რომ კურორტზე ტრანსპორტის და კვების ობიექტების ნაკლებობაა, წელს გუდაურში ტურისტების გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობს გუდაურში მდებარე საოჯახო სასტუმრო "თრუსოს" ხელმძღვანელი ლევან კარიჭაშვილიც. მისი განცხადებით, კურორტზე ტურისტების მხრიდან დიდი მოთხოვნაა, თუმცა, დიდი კონკურენციის გამო მის სასტუმროში ტურისტების თითქმის იგივე რაოდენობა დაფიქსირდა, რაც გასულ წელს იყო. კარიჭაშვილი ტურისტების აქტივობას სახელმწიფოს მხრიდან აქტიურ საინფორმაციო მარკეტინგულ კამპანიას უკავშირებს.

მისი განცხადებით, კურორტზე ინფრასტრუქტურის ნაკლებობაა, პრობლემაა ტრასპორტიც.

„ მეტნაკლებად, მთის ინფრასტრუქტურა წინ წავიდა და ზოგადად, კუროტის ინფრასტრუქტურა ქვის ხანაში დარჩა, არ გაუმჯობესებულა. ერთადერთი წყალს აკეთებენ და იმედია წელს დაასრულებენ მუშაობას. მოუგვარებელია შიდა გზების პრობლემა, არ არის გასართობი ატრაქციონები. კურორტზე არ არსებობს ტროტუარები. ტურისტები ჩივიან, რადგან სად იარონ და ისეირნონ, არ იციან. ტრასზე სეირნობენ. გზები არ იწმინდება სათანადოდ. უამრავი ძაღლი დადის და ტურისტს ეშინია გარეთ გამოსვლა. გუდაურში საღამო მკვდარია"-აცხადებს კარიჭაშვილი.

სასტუმრო „თრუსოს" ხელმძღვანელი აცხადებს, თუ სიტუაცია ასე გაგრძელდება და კურორტს არ მიეხედა, ტურისტები გუდაურში სამომოვალოდ აღარ ჩამოვლენ.

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.