მთის კურორტებზე ტურისტული სეზონი დასასრულს უახლოვდება - „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორი სიტუაცია იყო რეგიონებში მდებარე ბრენდულ და საოჯახო სასტუმროებში. როგორც ირკვევა, აჭარის რეგიონში ჩასული ტურისტების მსგავსად, მთის კურორტებზეც სტუმრებისთვის მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურის გაუმართაობაა.
სასტუმროების ერთი ნაწილი ტურისტების რაოდენობის ზრდაზე საუბრობს, ხოლო მეორე ნაწილი - კლებაზე. შესაბამისად, საზაფხული სეზონის შეფასებაც არაერთგვაროვანია.
ბაკურიანში მდებარე საოჯახო სასტუმრო „Etalasi“-ს მფლობელი ედუარდ ღანდოიანცი ტურისტების რაოდენობის 30%-იან კლებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სტუმრები მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას და გასართობი ადგილების არარსებობას უსვამენ ხაზს.
„ამინდები ცუდი იყო. ძირითადად ციოდა და სეზონი ხანმოკლე გამოვიდა. ამ ყველაფერს კი ხანძარი დაერთო და ბაკურიანიდან ხალხი წავიდა. შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტების რაოდენობამ 30%-ით იკლო.
ტურისტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ბაკურიანში ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. საზაფხულო სეზონზე მშენებლობები არ უნდა მიმდინარეობდეს. ასევე გზა, ტროტუარები და პარკი მოუწესრიგებელია. ტურისტს ამით ვერ დააინტერესებ“, - განაცხადა ედუარდ ღანდოიანცმა.
ტურისტების რაოდენობის კლებაზე საუბრობენ მესტიაში მდებარე სასტუმრო „Tetnuld“-შიც.როგორც სასტუმროს წარმომადგენლი მეგი ხოჯოვანი განმარტავს, სასტუმროში წელს, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების 10%-იანი კლება იყო. „ტურისტებს ძირითადი პრობლემა შიდა გზებზე ხვდებათ და ამას აღნიშნავენ. მესტიაში არ არის გასართობი ადგილები და გარემოც დაბინძურებულია. ტურისტების კლებას ინფრასტრუქტურული პრობლემებიც იწვევს, ასევე მესტიაში დასვენება ძვირია და ამაზეც ხშირად საუბრობენ“, - ამბობს ხოჯოვანი.
განსხვავებული სიტუაციაა სასტუმრო „Crowne Plaza Borjom“-ში. როგორც „კომერსანტთან“ სასტუმროს პიარისა და მარკეტინგის მენეჯერმა ნატუკა ასათიანმა განაცხადა, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების რაოდენობა დაახლოებით 30%-ით გაიზარდა.
„წლევანდელ საზაფხულო სეზონს დადებითად შევაფასებდი, რადგან შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების რაოდენობა დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. ზრდა გამოიწვია იმან, რომ რეგიონი მეტად პოპულარული გახდა.
სტუმრების ძირითადი მოთხოვნა ფასების ხელმისაწვდომობა და მეტი გასართობი ადგილია. მათ სურთ, რომ მხოლოდ ბორჯომის პარკში სეირნობით არ იყვნენ დაკავებულები“, - აღნიშნა ნატუკა ასათიანმა.
იმოქმედა თუ არა, ბორჯომის ხეობაში მასშტაბურმა ხანძარმა, ბორჯომში დამსვენებლების რაოდენობაზე, როგორც ასათიანი ამბობს, „Crowne Plaza Borjom“-ში არაფერი შეცვლილა და სტუმრებს ჯავშნებიც არ გაუუქმებიათ.
ბაკურიანის სხვა სასტუმროსგან განსხვავებით, წელს ტურისტების რაოდენობის 10-15%-იანი ზრდა შეინიშნებოდა ბაკურიანის საოჯახო სასტუმრო „Anamaria“-ში.
„წლევანდელ სეზონს დადებითად შევაფასებდი, რადგან 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების რაოდენობამ დაახლოებით10-15%-ით იმატა. თუმცა, ბაკურიანში ხანძარმა და მიმდინარე მშენებლობებმა, ორი კვირის განმავლობაში, ბიზნესს ხელი მაინც შეუშალა. აქ ჩამოსული ყველა დამსვენებელი საუბრობს იმაზე, რომ ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს“, - განმარტა მაკა შემაზაშვილმა.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე
commersant.ge