ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე ორიენტირებულ მარნებს წელს ყურძნის მიღება გაუჭირდებათ
16 მარტი, 2022

რუსეთისა და უკრაინის ბაზრების დაკეტვამ საქართველოს ღვინის ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი პრობლემა შექმნა. მეღვინეების ინფორმაციით, ბაზარზე დიდი რაოდენობით დაგროვდა გაუყიდავი პროდუქცია, რაც წელს რთვლის სუბსიდიის საკითხს საეჭვოს ხდის. მთავრობა ჯერჯერობით წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით განცხადებას არ აკეთებს, ხოლო სექტორის წარმომადგენლები უკვე პირდაპირ აცხადებენ, რომ შექმნილ სიტუაციაში სუბსიდიის ნაკლები შესაძლებლობაა. თუმცა ამაში პრობლემას ვერ ხედავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ  სექტორმა განვითარებისთვის სხვა გამოსავალი უნდა მონახოს.

,,ჯაყელების მარნის“ დამფუძნებელი, მეწარმე ზაზა ჯაყელი ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ მთავრობას სავარაუდოდ სუბსიდიაზე  უარის თქმა მოუწევს.

,,მეღვინეობაში საკმაოდ დიდი პრობლემაა რეგიონში მიმდინარე ომის გამო. ჩვენს შემთხვევაში რისკი არ გვემუქრება, რადგან ექსპორტს უკრაინასა და რუსეთში არ ვახდენთ, თუმცა ზოგადად დარგი დიდი გამოწვევის წინაშეა.  ღვინოების ის ნაწილი, რაც რუსეთსა და უკრაინაში გადიოდა, გაუყიდავი დარჩა და ვერც ალტერნატიულ ბაზრებზე იდგმება ნაბიჯები.  ასეთ სიტუაციაში დიდი ალბათობაა, რთვლის სუბსიდია ვერ განხორციელდეს,  რაც ნამდვილად არ არის პრობლემა.  სუბსიდია დიდი ფინანსური ტვირთია მთავრობისთვის და სჯობს, ეს რესურსი მარკეტინგს და სხვა საჭიროებებს მოხმარდეს, რაც სექტორის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი“, - ამბობს ჯაყელი.

არსებულ სიტუაციაში ,,ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელი, ეკონომისტი პაატა შეშელიძე აცხადებს, რომ სუბსიდიის იმედად ყოფნას სჯობს, ღვინის ხარისხის ამაღლებასა და ალტერნატიულ ბაზრებზე გაკეთდეს აქცენტი.

,,ომი სწრაფად თუ არ მოგვარდა, რუსული და უკრაინელი ბაზრები ხელმიუწვდომელი გახდება. შესაბამისად, ექსპორტს გაუჭირდება და უჭირს კიდეც, ღვინო დღეს არ არის პრიორიტეტული რიგი ქვეყნებისთვის, ორი ბაზარი კი თითქმის ერთდროულად დავკარგეთ. ბიზნესის წუხილი გასაგებია, მაგრამ ღვინის დიდი ნაწილი გაუყიდავი დარჩება არა მხოლოდ ბაზრების ჩაკეტვის, არამედ იმის გამოც, რომ უხარისხოა.  მეწარმეების უმეტესობა რასაც რუსეთში ჰყიდის, იმ ღვინოს სხვა ქვეყანაში ვერც  გაიტანს, მით უმეტეს, ევროპაში.  გარდა ამისა, არ იქნება საგანგაშო, თუკი წელს სუბსიდიაში ფული არ დაიხარჯება. ღვინოს თუ ვერ ჰყიდიან, სხვა პროდუქტების წარმოებაც შესაძლებელია, რითაც გლობალური ბაზრების ყურადღებას მივიქცევთ, იქნება ეს ყურძნის წვენების, ქიშმიშის წარმოება და სხვა.  სხვა გამოსავალი არ გვაქვს, საქართველომ ეკონომიკური ინტერესები რადიკალურად უნდა შემოაბრუნოს და რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების მავნე ტრადიცია აღმოფხვრას. ამაზე უფრო ადრე რომ გვეზრუნა, პრობლემის დიდ ნაწილს ავირიდებდით“, - აცხადებს შეშელიძე ,,კომერსანტთან“.

შეგახსენებთ, რომ აგროსასურსათო პროდუქციის მთლიან ექსპორტში 21% ქართულ ღვინოზე მოდის. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2021 წელს საქართველოდან 107 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რომლიდანაც მიღებულმა შემოსავალმა 250 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2021 წელს, როგორც სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რუსეთის ბაზარზე 62 115 759 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა (131 მლნ აშშ დოლარი), რაც მთლიანი ექსპორტის 58%-ს შეადგენს.

იგივე მონაცემმა უკრაინის შემთხვევაში 12 921 321 ბოთლი შეადგინა (25 მლნ აშშ დოლარი), რაც მთლიანი ღვინის ექსპორტის 10%-ია.

commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.