სანამ ტურიზმის აღდგენის რეალურ ნიშნებს არ დავინახავთ, სასტუმროს გახსნას აზრი არ აქვს- Hyatt Regency Tbilisi
თბილისში, რუსთაველის გამზირზე სასტუმრო „ჰაიატის“ (Hyatt Regency Tbilisi) მშენებლობის დასრულების საკითხი უკვე წლებია კითხვის ნიშნის ქვეშაა. იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა, რომელიც „რუსთაველი ფროფერთიმ“ სახელმწიფოსგან 2012 წელს 13 მლნ ლარად შეიძინა, პროექტის დასრულებას ჯერ კიდევ 2017 წელს გეგმავდა.
„რუსთაველი ფროფერთის“ დირექტორი მინდია გადაევი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ამჯერად მშენებლობის გაჭიანურების მიზეზი ქვეყანაში არსებული არაპროგნოზირებადი გარემოა. მისი თქმით, მანამ სანამ ბიზნესისთვის პროგნოზების გაკეთება და ტურიზმის აღდგენის საკითხი ნათელი არ გახდება, პროექტის ვადებზე საუბარი რთული იქნება.
„ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს და 2020 წელსაც არ შეგვიწყვიტავს. დასრულების ვადებზე საუბარი ახლა არასერიოზული გამოვა, რადგან შეიძლება მშენებლობა ადრეც დავასრულოთ, მაგრამ აზრი არ აქვს, ამიტომ მშენებლობის დასრულებას არ ვჩქარობთ, ტურიზმის აღდგენის ტრენდს ვაკვირდებით. თეორიულად საუბრობენ, რომ 2023 წელს აღდგება, თუმცა ესეც ვარაუდია.სანამ ვაქცინაცია არ დასრულდება და ტურიზმის აღდგენის რეალურ ტრენდებს არ დავინახავთ, სასტუმროს გახსნას აზრი არ აქვს. ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებიან ისინი, ვისაც 2021 წელს აქვთ სასტუმროს გახსნის ვალდებულება, ჩვენ საბედნიეროდ 2023 წლის ივლისამდე გვაქვს მშენებლობის ნებართვა ძალაში. დღევანდელმა სიტუციამ გამოიწვია ის, რომ შეუძლებელია დღეს ფინანსირებაზე ვინმესთან საუბარი, მათ შორის ბანკებთან. რისკების შეფასების მექანიზმებია და მესმის, რომ ჩვენს პროექტში, რომელიც არის ტურისტულ სექტორი, მისი აღდგენა კი უახლოეს პერიოდში არ იგეგმება, ბანკებთან საუბარი შეუძლებელია“, - განმარტა მინდია გადაევმა.
„ჰაიატის“ პროექტში ჯამში 60 მილიონი დოლარი ჩაიდება. შენობა განსხვავებული კონცეფციიდან გამომდინარე წინა ფასადით სამ, ხოლო უკანა ფასადით 5 სართულიანი იქნება. სასტუმრო ჯამში 170 ნომერს გააერთიანებს. „რუსთაველი ფროფერთისმა“ იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა აუქციონზე შეიძინა. სასტუმროს კორექტირებული პროექტი 2020 წელს შეთანხმდა, ხოლო მშენებლობის ნებართვა აღნიშნულ ობიექტზე 2023 წლის ივლისამდეა ძალაში.
commersant.ge