კომპანია "ქართული ვაზი და ღვინო" , რომელიც ღვინოს "8000 History"-ს ბრენდით აწარმოებს, 20 წლის წინ შეიქმნა. მისი მთავარი ნიშა პრემიუმ ხარისხის ქვევრის ღვინოების წარმოებაა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ავთანდილ ბალუაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ღვინო ძირითადად ევროპის ქვეყნებში გააქვთ, ასევე იაპონიასა და ჩინეთში, რასაც წელს აშშ და ინგლისი დაემატება.
"14 დასახელების ღვინოს ვაწარმოებთ, მათ შორსაა "ქისი", "ხიხვი", "საფერავი", "ტვიში", "რქაწითელი", "მანავის მწვანე", "ქინძმარაული", "ხვანჭკარა"და სხვა. თავიდანვე ექსპორტზე გავაკეთეთ სწორება და ახლაც აქტიურად ვმუშაობთ, რომ საექსპორტო არეალი გავაფართოოთ. ძირითადი ნაწილი ქვეყნის გარეთ გადის, ნაწილიც ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. წარმოება ყოველწლიურად იზრდება, რადგან გლობალურ ბაზრებზე მოთხოვნა მატულობს. ფაქტობრივად, ყოველ წელს ვაშენებთ ახალ ვენახებს და ყურძენს ფერმერებისგანაც ვიბარებთ.
ხარისხზე ვართ ორიენტირებული, რომ ბაზარს მაღალი პრემიუმ კლასის ტრადიციული ღვინოები შევთავაზოთ. საქართველო მსოფლიოში ცნობილი გახდა უნიკალური ქვევრის ღვინოებით, ამით ვუწევთ კონკურენციას მსოფლიოს წამყვან მეღვინეებს და გვინდა ეს ნიშა ბოლომდე შევინარჩუნოთ, ამ მიმართულებით. გავაძლიეროთ მუშაობა“, - აცხადებს ავთანდილ ბალუაშვილი.
მისი ინფორმაციით, 2023 წელს ‘’ქართული ვაზისა და ღვინის“ წარმოება დაახლოებით 40%-მდე გაიზარდა. 2023 წელს კომპანიან შეცვალა ეტიკეტი და ახალი სახელწოდება - ღვინო ახლა ,,8 000 ისტორია“-ს ბრენდით იყიდება.
‘’2023 წლამდე ჩვენი ღვინოების ეტიკეტი იყო ,,130 ვაზი“ , ვინაიდან ზუსტად ამდენი დასახელების ვაზის ჯიში გვაქვს მამულში. ახალი ეტიკეტით კი ხაზს ვუსვამთ ღვინის ისტორიას, მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ქართული ღვინის წარმოებაში. UNESCO- მ ეს დაადასტურა. დამტკიცებულია და ღვინის სამშობლოდაც ვართ აღიარებული, ეტიკეტის შეცვლისას ეს ფაქტორი გავითვალისწინეთ“, - აცხადებს ავთანდილ ბალუაშვილი ‘’ბიზნესპარტნიორთან“.
"ქართული ვაზი და ღვინო “ წელს გლობალურ გამოფენებში გეგმავს მონაწილეობას აშშ-სა და ინგლისში. როგორც ბალუაშვილი აღნიშნავს, სხვადასხვა დროს ძალიან დაეხმარა სოფლის განვითარების სააგენტო, რომლის მხარდაჭერითაც მონაწილეობდა გამოფენებში და წარმოების პოპულარიზაციას ახდენდა.
ცნობისთვის, ‘’ქართული ვაზი და ღვინო“ 2004 წელს დაარსდა. კომპანია ფლობს ასევე ღვინის მარანს და ეკოტურისტულ ობიექტს ველისციხეში. რაც შეეხება ვენახს, გაშენებულია ველისციხესა და ყვარელში, რომლის საერთო მოცულობა დაახლოებით 12 ჰექტარამდეა.
bp.ge