ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"მთავარია, რომ ტურიზმი დეპოლიტიზირდეს სახელმწიფოს მხრიდან" - მამუკა ბერძენიშვილი
22 დეკემბერი, 2023

ტურიზმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინდუსტრიაა, რომელიც მუდმივად ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით.

ტურიზმის სფეროს საქართველოს ეკონომიკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია, თუმცა რამდენად ვახერხებთ გლობალური ტენდენციებისთვის ფეხის აწყობას, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რა გვჭირდება საერთაშორისო ასპარეზზე მეტი პოზიციონირებისთვის და როგორ მოქმედებს გეოპოლიტიკური მდგომარეობა ქართული ტურიზმის მდგრადობაზე - Travel in Georgia-თან ეს საკითხები ტურიზმის ექსპერტმა და ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა - მამუკა ბერძენიშვილმა განიხილა.

პანდემიის დასრულების შემდეგ ქართულმა ტურიზმმა რეაბილიტაცია შეძლო. 9 თვეში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 3. 655, 567 შეადგინა. მამუკა ბერძენიშვილის თქმით, ამგვარი შედეგი მოსალოდნელი იყო:

„ეს რაიმე განსაკუთრებული მოვლენა არ არის, ეს ის მოსალოდნელი განვითარებაა, რაც გაგვაჩნდა თავიდანვე.  პანდემიის დროსვე ვიცოდით, რომ [ტურისტული ნაკადის] აღდგენა დასრულდებოდა 2023-24 წლებში და ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად მსოფლიოს, კონკრეტულად ჩვენს რეგიონსაც, აღმოსავლეთ ევროპას ანუ კავკასიას და ეს ციფრები ამ მოლოდინს შეესაბამება.

ყველაზე დიდი წილი საქართველოში მოგზაურებს შორის  ჩვენს მეზობლებს უკავია, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის თურქეთსა და რუსეთზე, ტრადიციული ბაზრები გალფის ანუ სპარსეთის ყურის ქვეყნებს ეძღვნება, ისრაელსა და აღმოსავლეთ ევროპას.“

მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებისთვის საქართველო შორს მდებარე ქვეყანაა, რის გამოც მათი წილი საქართველოს ტურიზმში მცირეა:

„მოგზაურები, პირველ რიგში, სტუმრობენ უახლოეს რეგიონებს, ჩვენ კი ერთ-ერთი მოშორებული ქვეყანა ვართ ევროკავშირიდან, თუმცა ესეც, სავარაუდოდ, 2024 ან 2025 წლის შემდგომ დაუბრუნდება თავის კალაპოტს 2019 წლის მსგავსად.“ - გვიყვება მამუკა.

ტურიზმის ექსპერტი ტურისტების ბოლო დინამიკას და მისგან წარმოშობილ ცვლილებებსაც აფასებს:

„ამ ეტაპზე ტურისტები ცდილობენ, რომ ახლო მანძილზე არსებული ტურისტული დანიშნულების ადგილები მოინახულონ, შესაბამისად, ეს ლოგიკა ძირითადად მეზობელ ანუ იმ ქვეყნებზე ვრცელდება, საიდანაც სახმელეთო კავშირი ადვილად მყარდება. მეორეს მხრივ, ასევე არახალია, რომ ტურისტები აგეგმარებენ მოგზაურობას არა რამდენიმე თვით ადრე, არამედ მოკლე პერიოდში, რადგან მაინც არ არის სტაბილური ის, თუ რა იქნება ფიგურალურად მეორე დღეს, შესაბამისად, ტურისტები მიეჩვივნენ, რომ დაჯავშნონ სხვადასხვა სერვისები მოგზაურობის თარიღთან ახლოს, თუმცა ამ პროცესებში ითხოვენ მოქნილობას, რაც ნიშნავს იმას, რომ გაუქმება-გადაჯავშნის პროცესი ასევე მოერგო ამ ქცევას და ყველა სასტუმრო, რესტორანი, სერვისის ნებისმიერი მიმწოდებელი ცდილობს, რომ მოქნილი, ადვილად ცვალებადი ტარიფი შესთავაზოს მომხმარებელს. ტურისტის ცნობიერების დონე გაიზარდა, შესაბამისად,  ის უფრო მეტს ითხოვს და ამის ფონზე, (ან შეიძლება ეს პირიქითაა), სერვისისა და მომსახურების ფასიც გაიზარდა. მედლის ორი მხარეა, მომსახურების ფასის გაზრდამ გამოიწვია ტურისტის ცნობიერების ამაღლება თუ პირიქით, ცოტა რთული კითხვაა, მაგრამ ფაქტია, ეს ორი პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს და, მაგალითად, ძალიან გაძვირდა ფრენები პანდემიის შემდგომ. მეორეს მხრივ, ტურისტს უკვე მეტი ცოდნა აქვს და ავიაკომპანიებისგანაც მეტ სერვისს, მოქნილობასა და მხარდაჭერას ითხოვს.“ - ამბობს მამუკა ბერძენიშვილი.

იგი გეოპოლიტიკური ვითარების ტურიზმზე გავლენასაც განიხილავს და აღნიშნავს, რომ ომი უკრაინასა და ისრაელში ყველაზე მტკივნეულად აჭარის რეგიონს შეეხო:

„ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ აჭარა აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა სწორად ცდილობს აჭარა გადაიქცეს ოთხსეზონიან ტურისტულ ადგილად, იგი ჯერჯერობით მაინც კონკრეტული სეზონის დანიშნულების ადგილია, შესაბამისად, გემბლინგ(აზარტული თამაშების) ტურიზმს, რომელიც ისრაელის ბაზრის  სპეციფიკაციაა, აქტიურად ვიყენებდით არასეზონზე.

საქართველომ ამ ვითარებაში ბაზრის დივერსიფიკაცია უნდა შეძლოს, ამას ცდილობს ჩვენი მთავრობა, თუმცა რამდენად ვახერხებთ, ეს სიღრმისეული გაანალიზების საკითხია.“ - გვიყვება მამუკა ბერძენიშვილი.

მისი თქმით, ტურიზმისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის გაზრდა უპრიანი გადაწყვეტილება იქნებოდა:

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიცით, რა თანხა შემოაქვს უცხოური ვალუტის სახით ქართულ ეკონომიკაში ტურიზმს და, თუ პანდემიას არ ჩავთვლით,  ყოველთვის სცდებოდა 3 მილიარდ ამერიკულ დოლარს, ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ტურიზმის მართვა და მისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის გაზრდა.

ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, საშუალოდ 10 მილიონს ხარჯავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელიწადში, მასზე სამჯერ ან ოთხჯერ მეტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ამას ემატება გარკვეული მუნიციპალიტეტები, მაგალითად, ქობულეთი, რომელიც ძალიან აქტიურია და ისიც, როგორც მუნიციპალიტეტი, ხარჯავს გარკვეულ ბიუჯეტს. ასევეა თბილისი და სხვა ქალაქები. ჯამში ჩვენი ქვეყნის ტურიზმის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის იხარჯება  40-დან 45 მლნ ლარამდე, თუმცა ამაში არ არის გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის, კურორტების განვითარებისა და სხვა ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების ხარჯები, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ტურისტიც იყენებს და ამის შეფასება ციფრებში რთული იქნება.“ - აღნიშნავს მამუკა ბერძენიშვილი.

იგი ქართული ტურიზმის განვითარებისათვის ინსტიტუციონალური ცვლილებების საჭიროებას ხედავს:

„იმ როლიდან გამომდინარე, რომელსაც ტურიზმი იკავებს ჩვენს ქვეყანაში, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი იქნებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაზრდა ტურიზმის პოლიტიკის წარმოების კუთხით და ეს შეიძლება, პირველ რიგში, გულისხმობდეს ინსტიტუციონალურ ცვლილებებს, მაგალითად: თუ ჩვენ ვაღიარებთ პრიორიტეტად ტურიზმს, მაშინ შეიძლება საჭირო იყოს უფრო მძლავრი მექანიზმის ინტეგრირება, რაც შეიძლება ტურიზმის სამინისტროში გადაითარგმნოს და ამ სამინისტროს ქვეშ არსებულ ორგანოებში, რომელიც რეგიონებს, მუნიციპალიტეტებსა და ქვეყნის მმართველობის სხვადასხვა რგოლს მისცემდა უფრო მეტ შესაძლებლობას და  სახელმწიფოს მართვა იქნებოდა მეტად კოორდინირებული და სტრუქტურირებული, შესაბამისად, ბიუჯეტიც თავისთავად გაიზრდებოდა.“

მამუკა ბერძენიშვილი ქართული ტურიზმის მთავარ გამოწვევად მონაცემთა ანალიტიკის არასრულფასოვან მოდელს მიიჩნევს:

„მთავარი გამოწვევა არის მონაცემთა ანალიტიკა, ჩვენ მოძველებული ანალიტიკური შესაძლებლობები გვაქვს. დღევანდელ დღეს ძალიან სწრაფად იცვლება ტურიზმის ინდუსტრია. მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები პირდაპირ აისახება ჩვენს განვითარებაზე, მას სჭირდება ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც მყისიერ ცვლილებებს ცოცხალ რეჟიმში გაწვდის. დღეს ჩვენ რასაც ვხედვათ, არის ის ანალიტიკური რეალობა, რომელიც, კარგ შემთხვევაში, ერთი კვარტლის გასვლის შემდეგ გვაძლევს გარკეული სურათის შეფასების შესაძლებლობას, რაც, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი ამ სწრაფად ცვალებად სამყაროში. ამას სჭირდება ციფრული გადაწყვეტილებები, უამრავი მონაცემის შეგროვება და მისი დამუშავება ტექნოლოგიური ხელსაწყოებით ისე, რომ სწრაფად ვიღებდეთ ტურიზმის განვითარების შესახებ ინფორმაციას. შესაბამისად, ამ საკითხს მივყავართ ტურიზმის ინდუსტრიის გაციფრულებისკენ, ეს შეიძლება დაწყოს მონაცემთა ანალიტიკის მექანიზმების გაძლიერებით, თუმცა ამ პროცესში გასათვალისწინებელია იმ ადამიანების ციფრული უნარები, რომლებიც ჩართული არიან ტურიზმში, ჩვენი განათლების სისტემა ასე სწრაფად ვერ უბამს ფეხს ციფრული უნარების განვითარებას და ეს ტურიზმზეც ახდენს გავლენას.

ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო, სახელმწიფოსა და ტურიზმის ადმინისტრაციას ეს პრობლემა გააზრებული აქვს, იციან, რომ ეს საკითხი უნდა გადაიჭრას, თუმცა ეს საკმარისი არაა და უფრო მასშტაბურად უნდა წყდებოდეს, როგორც განათლების სისტემის, ასევე პროფესიული უნარ-ჩვევების გადამზადებისა და შემდგომ უმაღლესი განათლების დონეზე, ვიცით, რომ არის ეს პრობლემები, თუმცა როგორ ვწყვეტთ, ეს მეორე საკითხია.“ - აღნიშნავს ტურიზმის ექსპერტი.

საერთაშორისო ტურისტულ ასპარეზზე მეტი პოზიციონირებისთვის ხელშემშლელ ფაქტორად მამუკა ბერძენიშვილი კვლავ ანალიტიკური და ციფრული შესაძლებლობების სიმწირეს ასახელებს:

„ ეს ისევ და ისევ ანალიტიკურ და ციფრულ უნარებთანაა კავშირში. როცა შენ ზუსტად არ იცი,  გერმანელ ტურისტს რა სურს შენგან, შესაბამისად, რთულია, სწორად პოზიციონირება შეძლო.

მაშინ, როდესაც ვერ ვითვლით ტურისტებს, ტურისტულ ნაკადებს კურორტების მიხედვით, არ გვაქვს სურათი სასტუმროების საშუალო დატვირთულობისა, რთულდება სწორი მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიების წარმოება. სწორედ ამიტომაც, ჩვენ, როგორც წესი, ყველა მხარეს ვისვრით ისარს, რაც შეიძლება რაღაც კონკრეტულ მიზანს არ ხვდებოდეს. მსგავს ხასიათს ატარებს ჩვენი მარკეტინგული კამპანიები, ამიტომაც ვიყენებთ ისეთ დიდ პლატმორფებს, როგორიც არის BBC, CNN, ExPedia, რაც, მართალია, ფართო მასებში ვრცელდება, მაგრამ შეიძლება საბოლოო ჯამში ეს ბაზრების დივერისფიკაციას არ ემსახურებოდეს და იმ კონკრეტულ სეგმენტებზე მუშაობას სამიზნე ქვეყნის შიგნით, რომელიც ჩვენი პოტენციური მომხმარებელი უნდა გახდეს.“ - გვიყვება მამუკა.

იგი ქართული ტურიზმის ძლიერ მხარესაც ასახელებს:

„ჩვენი ძლიერი მხარე, რა თქმა უნდა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობაა, რაც გასტრონომიაში, უფრო კონკრეტულად, კულინარიაში, ფოლკლორსა და ღვინოში გამოიხატება. ამას ემატება ბუნება და სარეკრეაციო სხვადასხვა საშუალებები, თუმცა ამ შემთხვევაში უნიკალური პოზიცია არ გვიჭირავს, ჩვენს მეზობლებს იმავე შესაძლებლობა აქვთ ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენი უპირატესობა არის წარსული, განსაკუთრებით არამატერიალური კულტურა, ჩვენი ენა, რომელიც ასევე არის მიზიდულობის ერთ -ერთი წერტილი საერთაშორისო მოგზაურისთვის. ნებისმიერ კვლევაში ცხადად ჩანს ეს ფაქტორები, რის გამოც ჩვენთან ჩამოდიან ტურისტები.“

მამუკა ბერძენიშვილი ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო პირობას მის დეპოლიტიზირებაში ხედავს:

„ანალიტიკისა და ციფრული უნარების გარდა, მთავარია, რომ [ტურიზმი] დეპოლიტიზირდეს სახელმწიფოს მხრიდან. იმდენად პოპულარული და ხელშესახები წარმატების მქონე სფეროა ქვეყნისთვის, სტატისტიკაც არ სჭირდება, ნებისმიერი მოსახლე თავისი თვალით ხედავს ბევრ ტურისტს ქუჩაში, სახელმწიფოსთვისაც ადვილია თქვას, რომ ტურიზმის სფერო აქტიურად მუშაობს. ხშირ შემთხვევაში მას უარყოფითი სახით იყენებენ პოლიტიკური პოპულიზმისთვის, რაც ხელს უშლის რეალური საქმის გაკეთებას და ხშირად პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანები გვყავს წამყვან პოზიციებზე ტურიზმის პოლიტიკის წარმოებისას სხვადასხვა ორგანოში. ეს, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს საშუალებას, რეალური სურათი დავინახოთ.

შესაძლოა, სწორედ ამიტომაც გვაქვს სტატისტიკა არასწორი. სურვილი არ არის იმისა, რომ სტასტისკიკა გამოსწორდეს და ვიცოდეთ ზუსტი ციფრი ტურისტული ნაკადისა, შეიძლება შემდგომ პოპულიზმის და მონაცემებით მანიპულირების საშუალება აღარ ჰქონდეთ, შესაბამისად, ამაში ვგულისხმობ პოლიტიზირების ნაკლებ დოზას ტურიზმის მართვისას.“ - აღნიშნავს მამუკა ბერძენიშვილი.

მისი თქმით, „ჯიტასა“ და „აწარმოე საქართველოს“ მოქმედების მოდელი კარგი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება აკეთოს სახელმწიფო ორგანზაციებმა საქმე ზედმეტი პოლიტიზირების გარეშე.

ავტორი: ანა შენგელია

travelingeorgia.com

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.