ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მთავრობა აცხადებს, რომ ფრენების დაფინანსების მიზანს “აირზენას” სუბსიდირება არ წარმოადგენს
02 აგვისტო, 2019

ე.წ. ტურისტული ემბარგოს საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ ახალი პროექტი დაიწყო. პრემიერ–მინისტრის მამუკა ბახტაძის განკარგულებით, 1,800,000,000 ევრო გამოიყოფა ერევანის, ლონდონისა და ბრიუსელის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დაფინანსებაზე.

პროგრამისთვის საჭირო თანხას “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” გამოყოფს. დაფინანსება კი პრაქტიკულად გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით მოხდება. მგზავრზე მაქსიმუმ 90 ევრო არის გათვალისწინებული.

ყველა მიმართულებით, რომლის დაფინანსებასაც დღეს საქართველოს მთავრობა გეგმავს, ფრენებს “ჯორჯიან ეარვეისი” ასრულებს, შესაბამისად ეს კომპანია არის უფლებამოსილი, სახელმწიფოსგან მიიღოს დაფინანსება.

BMG-სთან საუბარში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი აცხადებს, რომ პრემიერის განკარგულებით შექმნილი პროგრამა, რომელიც ერევანის, ლონდონისა და ბრიუსელის მიმართულებით ფრენების 600,000-600,000 ევროთი დაფინანსებას ითვალისწინებს, რომელიმე კონკრეტულ ავიაკომპანიაზე მიმართული არაა.

ამასთანავე, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების დაფინანსებისთვის მთავრობამ ერევანის აეროპორტი აირჩია იმიტომ, რომ ერევანიდან რუსეთის ქალაქების მიმართულებით საკმაოდ მაღალი სიხშირით სრულდება რეისები.

“ლოგისტიკურად ჩვენ რასაც შევხედეთ და სიხშირეებით, ყველაზე სასურველი მიმართულება იყო, ისევ კავკასიის რეგიონიდან მომხდარიყო დივერსიფიკაცია და ამ ტურისტების შემობრუნება. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ერევანი არის ხელსაყრელი, საკმაოდ პატარა დისტანციაა, ნახევარი საათის საფრენი მანძილია, ასევე რუსეთის ფედერაციას აქვს ძალიან კარგად აწყობილი ერევანთან საჰაერო მიმოსვლა, შეგიძლიათ დააკვირდეთ ყოველდღიურად რამდენი რეისი სრულდება ამ მიმართულებით. ამიტომ გაკეთდა აქცენტი ერევანზე. ჩვენ პირველ რიგში, ვუყურებთ ტრეფიკს და ამ მარშრუტის შესაძლებლობებს.

თქვენ ფიქრობთ, რომ რადგან არსებულია ეს მიმართულებები, ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს ასე [კონკრეტულ კომპანიაზე მორგებულად]? არსებულ მიმართულებასაც სჭირდება პრომოუშენი და დახმარება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც ახალი მიმართულება უნდა გაიხსნას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქცენტი გავაკეთეთ არსებულ ტრეფიკებზე”,- ამბობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

TBC Research-ის კვლევის მიხედვით, რუსეთის მიერ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის შედეგად, საჰაერო გზით საქართველოში შემოსული რუსი ვიზიტორების რაოდენობა 76%-ით შემცირდა. ავიასანქციების ამოქმედების შემდეგ, საქართველოში საჰაერო გზით სულ რუსეთის 9,665 მოქალაქე შემოვიდა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.