ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მთავრობა „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ 1 ლარად მიწის ნაკვეთის გადაცემას განიხილავს
29 სექტემბერი, 2022

აჭარის მთავრობა შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ბარცხანასა და ყოროლისწყალს შორის ნაკვეთის გადაცემას განიხილავს. 

მიწის გადაცემის საკითხზე კი მსჯელობა და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება 29 სექტემბერს ჩანიშნულ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მოხდება.

„პოზიტიური პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლი) - უნდა მოხდეს უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთის (ს/კ №05.30.37.036) შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ისათვის (ს.ნ. 445601126)პირდაპირი განკარგვის წესით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად 5 (ხუთი) წლის ვადით იჯარით სარგებლობაში გადაცემა“, — აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდეა ატვირთული.

როგორც ცნობილია, ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის, ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების შედეგად უკვე შექმნილია 2 ჰექტრამდე ტერიტორია ზღვაში. დასრულდა ზღვის ფსკერის გეოლოგიური და ბათიმეტრიული კვლევები.

უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი - “ამბასადორი ბათუმი აილენდი” ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.

პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა აშენდება.

პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციით ხორციელდება. „ამბასადორი ჯგუფი“ პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. მშენებლობაზე 2000 ადამიანი დასაქმდება.

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 2021 წლის 14 ივნისს დაფუძნებული კომპანიაა, რომელსაც ორი აქციონერი ჰყავს, ესენია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორში რეგისტრირებული კომპანია Property Assets Investment LTD-ი, რომელსაც პროექტის 82%-იანი წილი ეკუთვნის და შპს „ბათუმი აილენდი“, რომელიც პროექტის 18%-იან წილს ფლობს. შპს „ბათუმი აილენდის“ 100%-იან წილს კი ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძე ფლობს.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.