ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მთავრობა ეკოტურიზმის იმედზე რჩება
18 ოქტომბერი, 2021

კორონავირუსის მეხუთე ტალღის მოლოდინში ზამთრის ტურიზმის უპერსპექტივობა პრაქტიკულად გამოვლენილია. მას შემდეგ, რაც სპეციალისტებმაც დაადასტურეს, რომ შესაძლოა ზამთრის ტურიზმი მესამედაც ჩავარდეს, ოპტიმიზმის საფუძველს მეტნაკლებად ეკოტურიზმი იძლევა. როგორც ცნობილია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფორმირებისა და დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მთავრობა ცდილობს, ისეთი პროდუქტი შესთავაზოს მომხმარებელს, რომელიც ოთხივე სეზონზე იქნება მორგებული.

მთავრობის ოპტიმიზმი გადამდები აღმოჩნდა სპეციალისტებისთვისაც. ტურიზმის სფეროს ექსპერტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია ფიქრობს, რომ ეკო და აგროტურიზმი ყველაზე მარტივად აღიდგენს ძალებს და მდგომარეობის რადიკალურად გამოსწორებას მოახერხებს. მეტიც, კვარაცხელია ირწმუნება, რომ სამომავლოდ საოჯახო ტურიზმის როლი გაძლიერდება და არათუ 2019 წლის მაჩვენებელს დაიბრუნებს, შეიძლება გაუსწროს კიდეც. ამისთვის, როგორც პროფესორი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ დარგი სწორად განვითარდეს.

,,ყველაზე მეტი პერსპექტივა ეკო და აგროტურიზმშია. ეს ისეთი მიმართულებაა, რომელიც ხშირ გადაადგილებასთან დაკავშირებული არ იქნება. დამსვენებლები ყოველთვის გამოიჩენენ ინტერესს ისეთი ადგილებისადმი, სადაც ეპიდემიის რისკი ნაკლებია, ასეთი კი გლეხის ოჯახში დასვენებაა. ამ შემთხვევაში ტურისტი 100%-ით გარანტირებულია, რომ რისკი არ მოელის, როგორიც შეიძლება დიდ ქალაქში არსებობდეს. პატარა საოჯახო სასტუმროების როლი გაძლიერდება, მაგრამ კარგი პროდუქტის შეთავაზებით. ამისთვის საინტერესო უნდა იყოს სოფელში ცხოვრება, რომ ერთი დღე მეორეს არ ჰგავდეს, მომსახურების სათანადო პირობებია საჭირო. სამზარეულო, ცხენზე ჯირითი, საბავშვო პროგრამები და სხვა, რაც ყველა კატეგორიის დამსვენებელზე იქნება მორგებული და ინტერესს გამოიწვევს. საოჯახო სასტუმროებს ახლაც ჰყავთ კლიენტები და ყველაზე სწრაფად ამოვლენ კრიზისიდან, რომელშიც დარგი ეპიდემიის გამო აღმოჩნდა. დარწმუნებული ვარ, რომ საოჯახო სასტუმროები 2019 წლის მონაცემს გაასწრებენ, მაგრამ ეს დიდად არ ქმნის ამინდს, რაოდენობრივად მომცველი არ არის და არც შემოსავლებია ისეთი, რომ ეკონომიკაზე დიდი გავლენა მოახდინოს“, - განმარტავს კვარაცხელია.

მისი თქმით, ტურიზმისთვის ასევე მნიშვნელოვანია მასობრივი ტურები არსებობდეს და მოთხოვნა მსხვილ სასტუმროებზე გაიზარდოს.

,,საქართველოს გააჩნია ახალი მოთხოვნადი ტურისტული პროდუქტები, რომელიც პანდემიის შემდეგ უფრო მეტად აქტუალური გახდება მთლიანად მსოფლიოსთვის. ეს არის ღია სივრცესთან დაკავშირებული ისეთი აქტივობები, რის შესაძლებლობასაც ეკო და აგრო ტურიზმი იძლევა. მთავარია, დამსვენებელს მივაწოდოთ ხარისხიანი ტურისტული სერვისები და განვავითაროთ ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, დაცული ტერიტორიები და მთის კურორტები, რომელიც პოპულარობას ყოველთვის შეინარჩუნებს“, - ამბობს ნიკა კვარაცხელია.

ცნობისთვის, საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება 2020 წელს დაიწყო და მასში ჩართული იყო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო და საქართველოს ეკოტურიზმის განვითარების ასოციაცია. სტრატეგიის შემუშავება გერმანიის მთავრობის ფინანსური და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერით მოხდა.

სტრატეგიის დოკუმენტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ოთხივე სეზონის ეკოტურისტული შეთავაზებების განვითარებას, ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ძეგლების იდენტიფიცირებას და შენარჩუნებას, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში, ნიშური პროდუქტების შექმნას, ადგილობრივი ტრადიციული წარმოების განვითარებას, საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებასა და სხვას.

აქტივობების ფარგლებში, დაგეგმილია უწყებათაშორისი საბჭოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს კოორდინაციას დოკუმენტის აღსრულების ხელშეწყობის, შესრულების მონიტორინგისა და ანგარიშგების მიზნით.

ფოტო: mygeotrip.com

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.