გუდაურში, საბაგიროს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრის აშენების ინციატივა ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნოდა.
ამ ინიციატივით ის 2017 წელს, ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე გამოვიდა და ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებს შესაბამისი ადგილის შერჩევა დაავალა.
დღეს კი, ინფრასტრუქტურის სამინისტროში bm.ge-ის განუცხადეს, რომ უწყებას აღნიშნული პროექტისთვის მიწა გუდაურში არ შეურჩევია და მსგავს პროექტზე მუშაობა არ მიმდინარეობს.
რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს პოზიციას, გიორგი ქობულიას უწყებაში სააგენტოს განუცხადეს, რომ გიორგი კვირიკაშვილის მიერ პროექტის დაანონსების შემდეგ გუდაურში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობით დაინტერესება ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ გამოთქვა, თუმცა კურორტზე ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, მსგავსი ინიციატივა რეალობაში აღარ განხორციელებულა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ყოფილი პრემიერის დაანონსებული საკონფერენციო ცენტრის მშენებლობის პროექტი შემდგომ ვერც მთავრობის სამოქმედო გეგმაში მოხვდა, რის გამოც გუდაურში საკონფერენციო სივრცის მოწყობა აქტუალური აღარ არის.
შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერის ინიციატივით, საკონფერენციო ცენტრი ევროპული ანალოგების მაგალითზე, გუდაურში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე უნდა აშენებულიყო, სადამდეც საბაგირო მივიდოდა.
მაშინ გიორგი კვირიკაშვილი, პროექტით კერძო სექტორის დაინტერესების შემთხვევაში, საინვესტიციო პარტნიორობის თაობაზე წინადადებების განხილვის შესაძლებლობასაც უშვებდა.