საქართველოს მთავრობამ “ტობა-ვარჩხილამდე“ მისასვლელი საავტომობილო გზის მშენებლობა გადაავადა.
როგორც bm.ge-ის მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, ამ ეტაპზე პროექტის განხორციელება მიზანსეწონილად არ ჩაითვალა.
„ტობავარჩხილამდე 8 კმ-იანი გზის მიყვანის პროექტი დროში გადავადდა. საქმე იმაშია, რომ მდინარე ლუგელას ხეობაში შენდება ჰიდროელექტროსადგური, ამიტომ ამ ეტაპზე გზის გაყვანა არ ჩაითვალა მიზანშეწონილად, ვინაიდან ჰესის სამშენებლო სამუშაოების დროს შესაბამისი ტექნიკის გადაადგილებამ და ა.შ. შესაძლოა, გზა დააზიანოს“, – განმარტეს ფონდში, მაგრამ პროექტის განხორციელების ვადები არ დაუკონკრეტებიათ.
როგორც bm.ge-მ გაარკვია, ლუგელას ხეობაში ,,ხობი-2“-ის ჰიდორელექტროსადგურს კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ აშენებს. კომპანიის მფლობელის პაატა ტრაპაიძის თქმით, ჰესის მშენებლობა 2021 წელს დასრულება. ხობიჰესი-2“-ის დადგმული სიმძლავრე 55 მგ.ვტ-ია, ხოლო წლიური გამომუშავება 260 მლნ.კვტ.სთ იქნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი, $80 მლნ-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ტობა-ვარჩხილის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციისა და მშენებლობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ელექტრონული ტენდერი 2017 წელს გამოაცხადა, რომელშიც 450, 759 ლარით კომპანია „აბსოლუტ სერვისმა“ გაიმარჯვა.
„დასაპროექტებელი ობიექტი წარმოადგენს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კუთვნილებაში მყოფ არსებულ გზას, რომელიც გადის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე. გზის სიგრძე შეადგენს 8 500 მ-ს (დაზუსტდეს ადგილზე) სავალი ნაწილის სიგანე მერყეობს 4 დან- 5 მ-მდე. ასევე საჭიროა დამატებით ახალი გზის დაპროექტება სიგრძით დაახლოებით 6 000 მ. არსებული გზა გრუნტის საფარიანია, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. არ გააჩნია კიუვეტები და წყალამრიდი მილები. ნალექების დროს წყალი მიედინება სავალ ნაწილზე, რის გამოც ხდება წარეცხვები. გზა გაჭრილია ციცაბო ფერდობზე და ამჟამად ბევრ ადგილას ფერდობიდან ჩამოსულია მიწის ნაშალი. ნალექების დროს გზა პრაქტიკულად გაუვალი ხდება. დამატებით ახალი გზის შემთხვევაში უნდა მოხდეს ახალი ტრასირება და შესაბამისად, ახალი მიმართულების შერჩევა. ახალი საპროექტო გზა უნდა გავიდეს ალპურ ზონაში“, – ნათქვამი იყო პროექტის მოკლე აღწერაში.
მგფ-ში ამბობენ, რომ „აბსოლუტ სერვისმა“ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა.