"მთავრობის დადგენილებით, Black Sea Arena Georgia-სთვის 12 მლნ-ის გადარიცხვა დაგვევალა“
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, შპს “ბლექ სი არენა ჯორჯიას“, რომელიც ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი დარბაზის მფლობელია, 12 მლნ ლარი გადაურიცხა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ "ანალიტიკასთვის“ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ „Check in Georgia“-ს 2017 წლის ბიუჯეტი 20 მლნ ლარია და ის ტურიზმის ადმინისტრაციის 52 მლნ-იანი ბიუჯეტის ნაწილია.
გიორგი ჩოგოვაძის უწყების ცნობით, პროექტისთვის განსაზღვრული 20 მლნ-იდან უკვე გადარიცხული თანხების ადრესატები და მიზნობრიობა ასე გამოიყურება: ტურიზმის ადმინისტრაციამ 5 900 ლარი sofar sounds Tbilisi-სთვის გადარიცხა, 232 500 ლარი გამოყო თანამედროვე მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალ - SOU Fest-ისთვის, ყველაზე მეტი თანხა - 12 მლნ ლარი კი გადაურიცხა შპს „ბლექსი არენა ჯორჯიას“.
"ბლექ სი არენა ჯორჯია“ თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე დააორგანიზებს სხვადასხვა კონცერტებს როგორც საერთაოშორისო, ისე ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით. მათ ამ თანხაზე მოთხოვნა გააკეთეს ეკონომიკის სამინისტროში და საბოლოო ჯამში, მთავრობის დადგენილებით, შპს „ბლექსი არენა ჯორჯიასთვის“ 12 მლნ ლარის გადარიცხვა დაგვევალა“, - განუცხადა „ანალიტიკას“ გიორგი ჩოგოვაძემ და დასძინა, რომ „ბლექსი არენას“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ღონისძიებების კალენდრის წარდგენის ვალდებულება არ აქვს.
"თუმცა ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ არაფორმალურ ნაწილში“, - აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ბლექსი არენა ჯორჯიას“ ორგანიზებით, ამ დროისთვის მხოლოდ ერთი - Aerosmit-ის კონცერტი გაიმართა. 23 ივლისს არენაზე ქეთი მელუას კონცერტი ჩატარდება. ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ნინო ქათამაძის და ირაკლი ჩარკვიანის საღამოები და „სუხიშვილების“ და „ერისიონის“ კონცერტები.
www.bm.ge