თბილისის ფუნიკულიორი 117 წლისაა. ის 1905 წლის 27 იანვარს გაიხსნა. 1900-იან წლებში გაჩნდა ე.წ. ზედა თბილისის გაშენების იდეა. გეგმის მიხედვით „ზედა თბილისი“ მთაწმინდის პლატოზე უნდა გაშენებულიყო. შემუშავდა „ზედა თბილისის“ განაშენიანების გეგმა და ქუჩათა ქსელი. უმთავრესი პრობლემა „ქვედა თბილისთან“ სატრანსპორტო კომუნიკაცია იყო. ამ პრობლემის გადაჭრის გზა კი თბილისის ტრამვაის ქსელის მფლობელმა ბელგიურმა კომპანიამ წარმოადგინა. როგორ ვითარდებოდა წლების განმავლობაში ფუნიკულიორი და რა მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს მას თბილისისთვის – ამ თემაზე სასაუბროდ ლევან კობერიძემ რადიო „კომერსანტზე“ თავის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ მთაწმინდის პარკის გენერალური დირექტორი გელა დიღმელაშვილი მიიწვია.
გელა დიღმელაშვილის თქმით, თბილისის ფუნიკულიორი თავისი ისტორიით, ტრადიციით და გეოგრაფიული პარამეტრებით მსოფლიოში უნიკალურია.
„XIX საუკუნის ბოლოს იყო აზრი, რომ თბილისის ურბანული განვითარება მომხდარიყო მთაწმინდის პალტოზე, რადგან წლის განმავლობაში იქ განსაკუთრებული ჰავაა, ზაფხულში გრილა, ხოლო ზამთარში, როდესაც თბილისში თოვლჭყაპია, იქ კარგი თოვლია. ურბანულ განვითარებას ჰქონდა თვისი გეგმაც, იმისათვის რომ ერთმანეთთან თბილისი და ის პლატო, სადაც დღეს მთაწმინდის პარკი მდებარეობს, დაეკავშირებინათ, ელექტრო ტრანსპორტი სოფლების გავლით უნდა ასულიყო.
ისტორიულად ამ ტერიტორიას “სამეფო ბაღებს“ ეძახდნენ, შემდეგ მთაწმინდის რაიონის სადღაც 20 ჰექტარი თავადი ბაღაშვილების მფლობელობაში გადავიდა, იყო ასეთი იურისტი ივანე პოლტორაცკი, რომელმაც ცოლად შეირთო ნადეჟდა ბაღაშვილი, პირველი ქორწინებიდან ამ ადამიანს ვაჟიშვილი ჰყავდა და ეტყობა საქართველოს მიმართ პატრიოტული გრძნობები გაუჩნდა. საფრანგეთში მუსირებდა იდეა, რომ გაკეთებულიყო ფუნიკულიორი და საფრანგეთშივე მან მონახა სპეციალისტები, გუნდი და კომპანია, რომელიც პროექტს ჩამოაყალიბებდა, სწორედ აქედან დაიწყო ფუნიკულიორის განვითარების სტარტი“ - აღნიშნა გელა დიღმელაშვილმა.
1903 წელს თბილისის იმ დროინდელმა მთავრობამ ბელგიურ კომპანიასთან დადო ხელშეკრულება, რომ აშენებულიყო ფუნიკულიორი, რომელიც 45 წელი მათ მფლობელობაში იქნებოდა და შემდეგ გადაეცემოდა თბილისს, 1903 წელს დაიწყო მშენებლობა, იმ დროინდელმა თბილისი მთავრობამ და ბელგიურმა კომპანიამ დადო ხელშეკრულება, რომ აშენდებოდა ფუნიკულიორი, თუმცა შემდეგ ცვლილებები შეიტანეს და თბილისს პროექტი 1905 წელს ჩაბარდა. დიღმელაშვილის თქმით, თავიდან მგზავრებს ასვლის ეშინოდათ და ბელგიური კომპანია ფულს აქეთ უხდიდა მათ, თუმცა ადგილმა პოპულარობა მალევე მოიპოვა და ქალაქის სავიზიტო ბარათიც გახდა.
„შემდეგ დაიწყო ფერდობის განაშენიანება და ლანდშაფტური დატვირთვა და 1930 წელს დაიწყეს მთაწმინდის პარკის დაგეგმარება და მშენებლობა. გაგიკვირდებათ და პროექტის ხელმძღვანელი ლავრენტი ბერია იყო. იმ რთულ პერიოდში, 20-იანი წლების ფოტოკადრებში მთაწმინდა გაშიშვლებულია და ეს მასიური გამწვანება 1930 წელს დაიწყო. 1938 წლის 24 ივლისს მთაწმინდის პარკი ჩვენ დედაქალაქს ჩაბარდა, თავიდანვე იყო იდეა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა დიდ ქალაქში უნდა ყოფილიყო კულტურისა და დასვენების პარკი. უამრავი შრომაა ჩადებული იმაში, რომ ეს პარკი ლანდშაფტურად გამორჩეულია.
ის უნიკალურია იმით, რომ მისი დახრის კუთხე 28-33 გრადუსია, საკმაოდ დიდი დახრაა სალიანდაგო ნაწილში, მისი სიგრძე კი 501 მეტრია“, - აღნიშნა გელა დიღმელაშვილმა.
მისივე თქმით, პროექტს მოგვიანებით სათავეში არქიტექტორები ქურდიანები ჩაუდგნენ, მათ როგორც რუსი, ასევე პოლონელი არქიტექტორები ეხმარებოდნენ და აშენდა რესტორანი ფუნიკულიორი, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ მთაწმინდაზე და პარკთან ერთად თბილისის სავიზიტო ბარათია.
„ეს ორი პროექტი, მთაწმინდის პარკი და ფუნიკულიორი არის ძალიან ძლიერი არგუმენტი იმისთვის, რომ ჩამოხვიდე და დაათვალიერო და დატკბე ხედებით. ფუნიკულიორი ერთდროულად ტრანსპორტიც არის და ატრაქციონიც.
მთაწმინდის პარკი თავისი ფუნიკულიორით არის ისტორია, ტრადიცია და კულტურა. მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ყოველთვის ტარდებოდა და დღესაც ტარდება უამრავი შემეცნებითი თუ კულტურული ღონისძიებები.
მინდა აღვნიშნო, რომ 2012 წელს ფუნიკულიორის ტექნიკური ნაწილი განახლდა და დღეს როგორც ტექნიკური, ასევე ტექნოლოგიური ნაწილი აღჭურვილია თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიური უზრუნველყოფით. კომპანია „დოპელმაიერიმა“ განაახლა ყველაფერი, გარდა ერთისა – სავალი ლიანდაგები არის 1903 წლის და თუ შუა სადგურზე გაჩერდებით, ვნახავთ რომ ეს ლიანდაგი 1903 წელს არის გამოშვებული და დღემდე ის ლიანდაგებია. 119 წელია ისევ მუშა მდგომარეობაშია და ალბათ კიდევ ერთ საუკუნეს გაუძლებს“, - აღნიშნა გელა დიღმელაშვილმა.
დიღმელაშვილმა აღნიშნა, რომ 90-იან წლებში პარკი განადგურებული იყო და ბადრი პატარკაციშვილმა ჩაიბარა პროექტი უფრო მიმზიდველი გახდა სტუმრებისთვის. მისივე თქმით პატარკაციშვილი ამას არ უყურებდა როგორც ინვესტიციას და სურდა რომ ეს პროექტი გაეკეთებინა ყველასთვის, თუმცა მოგვიანებით პარკი ოჯახს წაართვეს.
„რაც შეეხება საჯარო და სახელმწიფო სტრუქტურებთან ჩვენ თანამშრომლობას, თანადგომა არის, რაც გამოიხატება იმაში, რომ უამრავი ღონისძიება ტარდება. ხშირად გვჭირდება აღჭურვილობა, როცა 50 000-მდე ადამიანი მოგივა, იქ შეიძლება კარვები დაგჭიდეს, დასუფთავება–დალაგების ინვენტარი ამ ყველაფერში მხარდაჭერა არის, ასევე დიდი მხარდაჭერაა ინტელექტუალური მიმართულებითაც.
ე.წ. ეშმაკის ბორბალი, რომელიც რუსულიდან არის გადმოტანილი, ჩვენ მას გიგანტური ბორბალი დავარქვით გამორჩეულია თავისი ზომით, ის არის დიამეტრში 60 მეტრი, თუმცა იმასაც თუ ჩავთვლით, რომ 300 მეტრზე დგას ზემო გონდოლა, 360 მეტრზე გამოდის.
ბავშვი არ არსებობს თბილისში, რომ მთაწმინდის პარკში არ ჰქონდეს ფოტო გადაღებული. ხატი თუ დროთა განმავლობაში უფრო ძლიერდება იმიტომ, რომ ბევრი მლოცველი ჰყავს და ენერგეტიკას იღებს, ასეა პარკიც, რაც მეტი ბავშვი მოდის, ძლიერდება და ძლიერდება. დარწმუნებული ვარ მის უნიკალურობაში და წარმატებულ პროექტებში. ბევრი პროექტი გვაქვს, მათ შორის ზოგი დამტკიცებულია, მშენებლობის თემაც იქნება, ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, რომლითაც პარკს 30 წლის მერე ვხედავთ“, - აღნიშნა გელა დიღმელაშვილმა.
ფოტო: georgiantravelguide.com
commersant.ge