„მთიანი აჭარა საქართველოს ტურისტული პოტენციალის ერთ-ერთ მთავარ მარგალიტად უნდა ვაქციოთ“
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ მთიანი აჭარა ოთხსეზონიან კურორტად უნდა იქცეს, მთლიანობაში კი მთის განვითარებას ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
„ჩვენთვის მთის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ძლიერი მთა ძლიერ საქართველოს ნიშნავს და ამ სტრატეგიაში მთიან აჭარას უნიკალური და განსაკუთრებული როლი ენიჭება, - განაცხადა პრემიერმა ბეშუმში "შუამთობა 2018"-ზე.
"მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ბევრ პროექტს ვახორციელებთ როგორც ინფრასტრუქტურის, ისე წყლის მიწოდების, ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის მიმართულებით, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გვჭირდება ისეთი პროექტები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, მთიანი აჭარა ოთხსეზონიან კურორტად ვაქციოთ. ამ თვალსაზრისით ჩვენ ენერგიას არ დავიშურებთ. როგორც იქნა, დაადგა საშველი და დაიწყება მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაცია - ეს არის ხულო-ზარზმის პროექტი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ლამაზი, მთიანი აჭარის განვითარებისთვის. თუმცა, ესეც არ იქნება საკმარისი. აუცილებელია, განვახორციელოთ ყველა ის პროექტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მთიანი აჭარა ვაქციოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის ერთ-ერთ მთავარ მარგალიტად", - განაცხადა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ კურორტ ბეშუმს, კურორტ გოდერძისგან განსხვავებით, სამწუხაროდ, მას არ აქვს გენერალური განვითარების გეგმა. „ეს ხარვეზია და მასაც უმოკლეს ვადაში გამოვასწორებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
www.travelingeorgia.ge