მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით ინფოტურები გრძელდება.
აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტურისტულ სააგენტოებს ამჯერად ხიხანის სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე უმასპინძლა. ორდღიანი გაცნობითი ტურის ფარგლებში 15 ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელმა და გიდმა მარშრუტზე არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობები, კვების ობიექტები და საოჯახო-სასტუმრო სახლები მოინახულეს. მათ შორის შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი, სხალთის მონასტერი, ფურტიოს თაღოვანი ხიდი, ციხისყელი და ვარდციხე.
ინფოტურის კულმინაციას წარმოადგენდა მეცამეტე საუკუნის ხიხანის ციხის დალაშქვრა, რომელიც ზღვის დონიდან 2220 მეტრზე მდებარეობს. ციხე ხიხანის ხეობის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. აჭარის ტურისტული პროდუქტების სააგენტომ მთიანი აჭარის მარშრუტებზე 5-მდე ინფოტური ჩაატარა. წლის ბოლომდე კი ჯამში 15 ტურის ჩატარება იგეგმება. უახლოესი ტური ხვალ, მაჭახელას ეროვნულ პარკში მთავარანგელოზის ბილიკზე ჩატარდება.
www.bpi.ge