ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მტირალას ეროვნულ პარკში ინფრასტრუქტურის მოწყობით არაბი ინვესტორია დაინტერესებული
12 ივნისი, 2017

ზღვის გარდა აჭარა ტურისტებს მაღალ მთაშიც ელოდება. მაღალმთიანი აჭარა თავისი ბუნებით მართლაც უნიკალური ადგილია.

აჭარა ბევრისთვის შეიძლება ზღვაზე დასვენებასთან ასოცირდება, თუმცა საზღვაო კურორტებთან ერთად რეგიონი ზაფხულისა და ზამთრის მთიანი კურორტებით, ულამაზესი ბუნებითა და ეროვნული პარკებით მდიდარი კუთხეა. ეკოტურიზმის მოყვარულთათვის აჭარაში მდებარე 4 უნიკალური დაცული ტერიტორია სწორედ რომ აღმოჩენაა. მტირალას, კინტრიშის, მაჭახელას ეროვნული პარკები და ისპანის ჭაობი თავისი ბიომრავალფეროვნებითა და ხელუხლებელი ბუნებრივი სიმდიდრეებით საოცარ გარემოს ქმნის თაგადასავლების მოყვარულთათვის.

დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისას ადგილობრივი კერძების დაგემოვნების, ფოლკლორის მოსმენისა და ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობების მონახულების საშუალება კი დამატებითი სიამოვნებაა იმათთვის, ვინც წარუშლელი შთაბეჭდილებებისა და დადებითი ემოციების ძიებაშია.

ეროვნული პარკებიდან განსაკუთრებით საინტერესო და მრავალფეროვანი მტირალას ეროვნული პარკია, რომელიც ბათუმიდან 1,5 საათის სავალზეა. პარკის დალაშქვრა კარგი არჩევანია ჰაიკინგის, ზიპლაინის, ცხენზე ჯირითის ან უბრალოდ ულამაზეს ბუნებაში გასეირნებისა და პიკნიკის მოყვარულთათვის.

მტირალას დაცული ტერიტორია დღემდე რჩება კოლხეთის ცხოველთა და მცენარეთა მრავალფეროვან სახეობათა თავშესაფრად. ეროვნულ პარკში მოქმედებს ვიზიტორთა ცენტრი, მრავლადაა საოჯახო-სასტუმრო სახლები და კვების ობიექტები (10 მდე), სადაც ტურისტებს ღამისთევა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნება შეუძლიათ.

ინგლისურ ენოვანი გიდი ინგა შარაძე ამბობს, რომ მტირალას ეროვნული პარკისადმი ინტერესი დიდია და მისი „კლიენტები“ ძირითადად ევროპიდან ჩამოსული ტურისტები არიან.

„მტირალას ეროვნული პარკი ოფიციალურად 2007 წელს გაიხსნა. ამ პარკის ძირითადი დანიშნულება არის ის, რომ შევინარჩუნოთ ის მცენარეული საფარი, რომელიც არის გადაშენების პირას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული კაკალი, წაბლის სხვადასხვა სახეობა, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. პარკი არის საკმაოდ უხვნალექიანი და წლის განმავლობაში აქ 400 მმ-მდე ნალექი მოდის. წელიწადის ნებისმერ დროს აქ რომ ამოხვიდეთ ნახავთ, რომ ეს არის ღრუბლით დაფარული, მოწყენილი მთა – სწორედ ამიტომ დაარქვეს მტირალას მთა. ძირითადი ფართობი არის 16 ათასი კმ. აქ ძალიან სასიამოვნო საფეხმავლო ბილიკებია და ტურისტები მართლად დიდი ინტერესით ამოდიან და ეცნობიან აქაურობას. ეს ადგილი ტურისტებში საკმაოდ მოთხოვნადი ადგილია. განსაკუთრებით მეტი ტურისტი მოდის ევროპის ქვეყნებიდან.

საწყენია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მტირალას ეროვნულ პარკში ნამყოფიც არ არის. როდესაც პირველად ამოვედი, პირველივე ნახვისას გამაოცა მისმა სილამაზემ. აქ არის ულამაზესი ჩანჩქერი, ტბა, არის ძალიან ბევრი საპიკნიკე ადგილი. ვისაც კარვებით სიარული და მსგავსი ცხოვრება მოსწონს მტირალა მათთვის უნიკალური ადგილია. აქ არის ორი სამარშუტო გზა“, – აცხადებს ინგა შარაძე.

მისივე თქმით, 2017 წელს მაღალმთიან აჭარას გაცილებით მეტი ტურისტი აკითხავს, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. მისივე განმარტებით, წელს მაღალმთიან აჭარაში ტურისტული სეზონი საკმაოდ ადრე გაიხსნა. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ვიზიტორებს ღამის თევაც შეუძლიათ. აქ განთავსებულ საოჯახო სასტუმროებში ღამისთევის ფასი, საუზმით 40 ლარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მტირალას ტურისტები არ აკლია, ინგა შარაძე ამბობს, რომ პარკის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი.

„პარკის ტერიტორიაზე უამრავი ლამაზი ადგილია. მაგალითად მტირალას ეროვნულ პარკში არის 100 მ სიმაღლის ჩანჩქერი, თუმცა მანამდე მისასვლელი ბილიკები დამუშავებული არ არის. და აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყოს. როგორც მე ვიცი ინვესტორებს აინტერესებთ მსგავსი ინფრასტრუქტურის განვითარება. არის არაბი ინვესტორი, რომელიც ამ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ფიქრობს“, – აცხადებს გიდი.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.