ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მთის პანორამული ხედები და ჯაკუზი მდინარეზე - რაჭაში "გარემო“ გაფართოვდა
03 ივლისი, 2023

რაჭაში, კერძოდ ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში მდებარე კოტეჯები, სახელწოდებით „გარემო“ გაფართოვდა. როგორც  „ბიზნესპარტნიორს“ მისმა დამფუძნებელმა თამარ დავითულიანმა განუცხადა, ტურისტულ ობიექტს, რომელიც მანამდე 3 კოტეჯს მოიცავდა, წელს სასტუმროს ნომრის ტიპის კიდევ ერთი კოტეჯი დაემატა.

„წლევანდელ ტურისტულ სეზონს დიდი სიახლეებით შევხვდით, დაგვემატა რესტორანი, რომელიც მომხმარებელს უგემრიელეს კერძებს სთავაზობს. ამასთან, დავამატეთ თანამედროვე სტანდარტების აუზი და რაც მთავარია, ახალი კოტეჯი, რომელიც მაღალი კლასის სასტუმროს ნომრისგან არაფრით განსხვავდება. აღნიშნულ კოტეჯს მდებარეობაც განსაკუთრებული აქვს და აქედან, პანორამული ხედები იშლება მთებსა და მდინარეზე. კოტეჯს აქვს საკუთარი ჯაკუზიც, ასევე ხედით მდინარეზე. ის სრულად წყვილებზეა მორგებული“, - აღნიშნა თამარ დავითულიანმა.

მისივე თქმით, „გარემოს“ ტერიტორიაზე უკვე ფუნქციონირებს მარანიც, სადაც მათთან მისულ სტუმრებს რაჭული წარმოების ღვინოებს სთავაზობენ.

„ყოველწლიურად ვფართოვდებით და ახალ-ახალ სერვისებს ვამატებთ. შემოდგომიდან უკვე ჩვენივე ღვინოს წარმოებას დავიწყებთ და მას შევთავაზებთ „გარემოს“ დამსვენებლებს, თუმცა ახლაც გვაქვს რაჭაში დამზადებული ღვინოების ფართო არჩევანი“, - განმარტა „გარემოს“ დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, „მე შენთვის სასურველი გარემო ვარ და რაჭაში ვცხოვრობ“ - ამ სლოგანით, ტყუპმა დებმა, თამარ და მირანდუხტ დავითულიანებმა ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში ტურისტული ობიექტი 2017 წელს ააშენეს. „გარემო“ ამჟამად 4 კოტეჯს აერთიანებს და ერთდროულად, მაქსიმუმ 16 ადამიანის მიღება შეუძლია.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.