ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„მთის წვერზე ბიზნესის წარმოება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ მთაში დასვენება ძვირად ღირებული სიამოვნებაა“
31 იანვარი, 2024

„ზოგადად მთაში დასვენება ძვირად ღირებული სიამოვნებაა, არა მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში, არამედ განვითარებულ და ევროპულ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების უმეტესობისთვისაც. არც საქართველოა გამონაკლისი და არავინ დაობს იმაზე, რომ მთაში ფასები უფრო მაღალია, ვიდრე სხვა კურორტებზე“, - ამის შესახებ სასტუმრო Step Inn Kazbegi-ის დამფუძნებელმა ანი ალიბეგაშვილმა „კომერსანტთან“ განაცხადა.

მისი თქმით, მთაში ბიზნესის წარმოება უამრავ სირთულეს უკავშირდება, რის შესახებაც დამსვენებლებს ინფორმაცია არ აქვთ და ფასებთან დაკავშირებით უკმაყოფილება აქედან მომდინარეობს. 

„გასათვალისწინებელია ის ფაქტორები, რისი დაძლევის ხარჯზეც უწევს ბიზნესს ალპურ ზონაში ფუნქციონირება. მოსახლეობას ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს ან აქვს და ხშირ შემთხვევაში იუმორნარევი პოზიციები გვხვდება ხოლმე. 

განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოითქვა საბაგიროების კაფე-ბარის ფასებზე. თუმცა, მთის წვერზე იქ, სადაც ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად არ არსებობს, ადამიანებს მხოლოდ თავიანთი შრომის ხარჯზე უწევთ ბიზნესის წარმოება. საღამოს ხუთი საათიდან, როცა საბაგირო იკეტება, ისინი რჩებიან იქ და მგლებთან ერთად უწევთ ცხოვრება.

გარდა ამისა, ამ ტიპის ბიზნესები არის ფაქტობრივად დაუზღვეველი, რაც რისკებს ძალიან ზრდის. ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, არც სახანძრო მანქანა არ უდგება, შესაბამისად, ცეცხლის ლოკალიზება შეუძლებელია და სადაზღვევო კომპანიები მათთან არ თანამშრომლობენ“, - აღნიშნა ანი ალიბეგაშვილმა. 

მისი თქმით, ფასის წარმოქმნაზე სხვადასხვა ფაქტორები ახდენს გავლენას, მათ შორის ტრანსპორტირების საშუალებები და ადამიანური რესურსი, რომელთა ანაზღაურებაზე ბიზნესი გაცილებით მეტს ხარჯავს, ვიდრე სხვა ზონებში.

„ზოგადად ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს ფასწარმოქმნაზე. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ტრანსპორტირების საკითხი. ასეთ ბიზნესოპერატორებს, ფაქტობრივად ღია საბაგიროებით უწევთ საკვების ატანა და ნაგვის უკან ჩამოტანა. ეს ყველაფერი უნდა მოესწროს იმ დროში, სანამ საბაგირო მუშაობს ან სხვა შემთხვევაში ემატებათ ბურანების ღირებულება, რაც პროდუქტს კიდევ უფრო აძვირებს. 

ზოგადად, მთაში ნებისმიერი პროდუქტის ტრანსპორტირება 100%-იან ხარჯთან არის დაკავშირებული, ზოგ შემთხვევაში, მეტიც. არსებობს, რა თქმა უნდა, ალტერნატიული ვარიანტები, შედარებით უფრო იაფი „გესტჰაუზები“, სადაც შეიძლება დასვენება, მაგრამ მთის წვერზე ნებისმიერი ტიპის სერვისის მიწოდება არის ძალიან დიდ ადამიანურ რესურსთან დაკავშირებული, რაც ბიზნესისთვის კადრების მიმართულებით ხარჯებს ძალიან ზრდის. ამას ემატება ტექნიკური პრობლემები, უწყლობა, უშუქობა, გაზი ისედაც არ არის. ფაქტობრივად, ველურ პირობებში ხდება ამ ყველაფრის კეთება, რათა მომხმარებლამდე სერვისი და პროდუქტი მეტ-ნაკლებად შესაბამისი ხარისხით მიიტანონ“, - განაცხადა Step Inn Kazbegi-ის დამფუძნებელმა. 

მან ყაზბეგში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. 

„რაც შეეხება ყაზბეგს და აქ არსებულ მდგომარეობას, პერიოდულად, ბუნებრივი პირობების ცვალებადობის მიხედვით, ადგილი აქვს ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემას. ამინდის გაუარესების დროს დენი ითიშება და რა თქმა უნდა, გენერატორი თავის ფუნქციას ასრულებს, თუმცა ასეთ დროს არის სხვადასხვა ელექტროტექნიკის დაზიანების ფაქტები, რაც დამატებითი ხარჯია. 

პრობლემური საკითხია წყალმომარაგებაც. ხშირად გვიწევს კუსტარულად დამზადებული წყლის რეზერუარებით წყლის ატანა, რათა შემდეგ ჩვენი სასტუმროს წყლის ცისტერნა შევავსოთ. 

გარდა ამისა, არის კიდევ სხვადასხვა საკითხები, რომელთა მოგვარება ბიზნესს დიდი ძალისხმევის ხარჯზე უწევს“, - აღნიშნა ანი ალიბეგაშვილმა.

commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.