ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე Wendys ,,რესტორან-დრაივს“ გახსნის
08 ივნისი, 2022

საქართველოში სწრაფი კვების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი ახალ ობიექტს გახსნის. ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმდებარედ „ვ-ჯეო რესტორნები“ Wendys-ის ახალ ფილიალს აშენებს. პროექტი თბილისის მერიამ უკვე მოიწონა, გაცემულია მშენებლობის ნებართვაც.

მიწის ნაკვეთის ფართობი 1148 კვ.მ-ია, ხოლო განაშენიანების ფართობი 397 კვ.მ. საპროექტო შენობა 2 მიწისზედა სართულისაგან შედგება. რესტორანი იქნება ე.წ. „დრაივ“ ფუნქციითაც, შესაბამისად ტერიტორიაზე სათანადო საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც მოიცავს არსებული შენობების და ღობის დემონტაჟს, ასევე  ღია-საჯარო სივრცის მოწყობას. არსებული ტერიტორიის დასუფთავება-კეთილმოწყობას და გამწვანებული ინფრასტრუქტურის მოწყობას.

ირკვევა, რომ გარე ტერიტორიაზე შენარჩუნდება ინტენსიური გამწვანება რეკრეაციული ფუნქციით. მოეწყობა ბილიკები და დასაჯდომი სივრცეები, ასევე ბუნებრივი ბალახის საფარი. დენდროლოგიური პროექტში წერია, რომ ჯამში ტერიტორიაზე 51 ხემცენარეა, 29 ძირი კი სამშენებლო სამუშაოებს ხელს უშლის. შესაბამისად, დაგეგმილია 3 ძირის მოჭრა, ხოლო 26 ძირის გადარგვა. გამწვანების კ3 ფართობის ათვისების მიზნით ტერიტორიაზე 48 ძირი მწვანე ნარგავი დაირგვება. მათი მოვლა უნდა განხორციელდეს დარგვიდან 3 წლის განმავლობაში.

პროექტს თან ახლავს ინჟინერ-კონსტრუქტორის კონსტრუქციული დასკვნა, რომლის მიხედვითაც, რესტორნის მშენებლობა, მომიჯნავე მიწის ნაკვთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობის სეისმომდგრადობაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.

ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და ახალი ორსართულიანი ,,რესტორან-დრაივი’’-ს მშენებლობა 2 წელში დასრულდება.

commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.