მდინარე მტკვარი თბილისს უბრუნდება – ასეთია „პროექტი თბილისის“ მთავარი გზავნილი, რომელიც სულ მალე რეალობად იქცევა და ქალაქში განსაკუთრებული რეკრეაციული ზონა მოეწყობა.

ელისო სულაკაური, ფილიპე სანტონი, სიმონე რეტო და სერენა სანტონი სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც მდ. მტკვრის სანაპირო ზოლს ბეტონის ჯებირებისგანგაათავისუფლებენ და ჯანსაღ სივრცედ აქცევენ.

პროექტი „თბილისის განვითარების ფონდმა“ მიმდინარე წლის ივნისში დაამტკიცა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახლა დეტალებზე მუშაობს. 2019 წლის დეკემბერში საბოლოოდ გაირკვევა, როგორი იქნება მდინარის სანაპირო ზოლი. შემდგომ უკვე ტენდერიც გამოცხადდება და პროექტის განხორციელებაც დაიწყება.
საფეხმავლო ბილიკები, ჯებირებისგან გათავისუფლებული მდინარე, გასართობი და დასასვენებელი სივრცე, სპორტული და საბავშვო მოედნები, ნავსაყუდელი, ჯანსაღი და სუფთა გარემო – ზუსტად ასეთი სივრცე გაჩნდება თბილისში.

„კომერსანტს“ ელისო სულაკაური ესაუბრა:
„ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია მტკვარი ისევ ქალაქს დაუბრუნდეს და გახდეს მისადგომი. დაგეგმილია ჯებირების მოხსნა ორ ადგილას — დედაენის ბაღისა და რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ გზით მტკვართან ჩასვლა უფრო ადვილი გახდება.ასევე მნიშვნელოვანია მდინარე ავითვისოთ, როგორც სატრანსპორტო საშუალება. შედეგად მოეწყობა ნავსაყუდელი, რომლის გაჩერებაც იქნება იუსტიციის სახლთან და რიყესთან. შემდგომ ეტაპზე კი ვგეგმავთ დავამატოთ სადგურები და ზოგადად გავზარდოთ სანაპირო ზოლის არეალი“.

მტკვრის სანაპირო ზოლის განვითარების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უკვე წლებია დაბინძურებული მდინარეა. ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს უსიამოვნო სუნს, მოუვლელ მდინარესა და საფრთხის შემცველ გარემოს, მაგრამ პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. მაშინ, როცა მსოფლიოს წამყვან ქალაქებში მდინარები სუფთა და სანაპირო ზოლები მიმზიდველია; ტურისტისთვის პოპულარული და კომფორტულია, თბილისში განსხვავებული ვითარებაა.
რამდენად შესაძლებელია მტკვრის სანაპირო ზოლის განვითარება ბინძური მდინარის ფონზე? — პრობლემის მოგვარების რეალურ საფუძველს ელისო სულაკაური ზუსტად პროექტის განხორციელებაში ხედავს:
„წლებია მტკვარს აქვს ეს პრობლემა და ამაზე მოსახლეობა წუწუნებს. ჩემი ინფორმაციით, თბილისის მერიაში არის მზაობა რომ მდინარე გაასუფთაონ, ამიტომ ვფიქრობ ჩვენი პროექტი მოვლენებს უფრო დააჩქარებს და ხელს შეუწყობს. თანაც, პროექტში გათვალისწინებული გვაქვს კონკრეტულ ლოკაციებზე სპეციალური ფილტრების დამონტაჟება. ამიტომ თუ პროექტი განხორციელდება, დაბიძურებულიწყლისა და უსიამოვნო სუნის პრობლემაც ავტომატურად მოგვარდება. საბოლოოდ მდინარე მტკვარზე სეირნობა და მიმდებარე ტერიტორიაზე დასვენება მიუწვდომელი და უსიამოვნო აღარ იქნება“.

Commersant.ge