მწვანე კონცხზე თანამედროვე სტანდარტების 15 სართულიანი სასტუმრო შენდება. პროექტს „საქართველოს ახალი სამშენებლო კომპანია" ახორციელებს. მისი ხელმძღვანელი როინ ბერიძე რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, სასტუმრო უმაღლესი სტანდარტის იქნება და გარდა სასტუმროსი, აქ განთავსდება რესტორანი, სპა, აუზი, ფიტნეს ცენტრი. ბერიძის თქმითვე, სასტუმროს დასრულება 2018 წლის ზაფხულშია დაგეგმილი და ის ბაზარზე, რომელიმე ადგილობრივი ბრენდით მოახდენს ოპერირებას. ბერიძის თქმითვე, სასტუმროს მიმდებარედ მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაც მიმდინარეობს და ორივე პროექტში 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
ბერიძე აცხადებს, რომ მწვანე კონცხი სარეკრეაციო, დასასვენებელი ზონაა და ამიტომ შეარჩიეს სასტუმროსთვის ეს ტერიტორია. მისივე თქმით, პროექტის განხორციელება ადგილობრივი ხელისუფლების მხადრაჭერით მოხდა.
„ადგილობრივი ხელისუფლება დღეს ყველაფერს აკეთებს, რომ ბიზნესს ხელი შეუწყოს. დღეს ბაზარი თავისუფალი და ლიბერალურია, არ არის ბიუროკრატია, რაც საქართველოს ისტორიაშია არასოდეს ყოფილა" – აცხადებს ბერიძე.
„საქართველოს ახალი სამშენებლო კომპანიას" კიდევ ერთი პროექტი ბათუმში აქვს დაგეგმილი, თუმცა ამ ეტაპზე ის შეჩერებულია. 30 მილიონიანი მრავალფუნქციური პროექტის განხორციელება, რამდენიმე წლის წინ უნდა დაწყებულიყო, პროექტის თანაინვესტორი რუსული კომპანია „რუსიჩი" იყო, მოგვიანებით ის პროექტს გამოეთიშა. ამ ეტაპზე როინ ბერიძის განცხადებით ახალი ინვესტორის ძიება მიმდინარეობს და კომპანიას აქვს სურვილი საინვესტიციო პროექტი ბათუმშიც განახორციელოს. გეგმის მიხედვით, ბულვარის დასაწყისში, ნინოშვილის ქუჩაზე ძველი სახლების ადგილას მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობები უნდა აშენებულიყო. მათ შორის, 100 ნომრიანი სასტუმრო, რესტორანი, კაფე-ბარები, საცურაო აუზი, ბოულინგ კლუბი, ფიტნეს დარბაზი.
ავტორ(ებ)ი: სალომე სოსელია
commersant.ge