ციხე-ქალაქი მუცო განახლებული სახით ტურისტებს უკვე იღებს. როგორც „კომერსანტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა, რეაბილიტაცია დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ ერთი კოშკი, რომლის რეაბილიტაციაც 2018 წელს დასრულდება.
ანთიძის ინფორმაციით, მუცო უკვე საინტერესოა როგორც ტურისტულად, ისე ბიზნესის თვალსაზრისითაც. კერძოდ, ციხე-ქალაქში უკვე მოქმედებს ადგილობრივი მკვიდრის მიერ გახსნილი კაფე. ასევე დიდია ინტერესი გაიხსნას მაღაზიები და მომსახურების სხვადასხვა ობიექტები.
მისი განცხადებით, მომავალ წელს სააგენტო ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად იმუშვებს იმაზე, რომ მუცო მუდმივად იყოს ექიმი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ტურისტებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენს. ანთიძის განცხადებით, ამჟამად არსებობს მხოლოდ სამედიცინო პუნქტისთვის საჭირო ფართი.
ანთიძის განცხადებით, მუცოს რეაბილიტაციაზე ამ დროისთვის ჯამში 3.7 მილიონი ლარია დახარჯული, საიდანაც 1.7 მილიონი სახელმწიფო დაფინანსებაა, დანარჩენი კი ფონდმა „ქათუმ“ გამოყო.
„მუცოს რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2014 წელს დაიწყო, მეორე -მესამე ეტაპი 2015-2016 წელს მიმდინარეობდა რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი 2017 წელს დასრულდა.რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო სამედიცინო პუნქტი და გარკვეული ინფრასტრუქტურა. მათ შორის, მუზეუმ-ნაკრძალი. მნიშვნელოვანია ის, რომ თუ ადრე მუცოში მხოლოდ 1 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა მათი რიცხვი 3-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის მუცოში ელექტრონერგიის და გზის პრობლემა არ არსებობს-აცხადებს ანთიძე.
პირიქითა ხევსურეთის შუა საუკუნეების ურბანული კომპლექსი მუცო, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე, მთის ფერდზეა გაშენებული. მუცოს ხუროთმოძღვრებაში სამი ძირითადი ნაგებობა გამოიყოფა: ციხე-სახლები; კოშკები, რომლებიც სათავდაცვო სისტემის განუყოფელი ნაწილია და აკლდამები, რომლებიც საქართველოში მხოლოდ პირიქითა ხევსურეთშია გავრცელებული და მუცოში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი.
კლდეზე ნაგები კომპლექსი წლების განმავლობაში კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და ინგრეოდა. მისი რეაბილიტაციის გეგმა 2004 წლიდან არსებობდა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდებოდა. მუცოს რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო. რეაბილიტაცია ტრადიციული მეთოდით - ფიქალების მშრალი წყობით ხდება.
ავტორი: სოფო ქსოვრელი
commersant.ge