ციხე-ქალაქ მუცოს რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, საოჯახო სასტუმროებისა და ჰოსტელების გახსნა იგეგმება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის ციხე-ქალაქში საოჯახო სასტუმროების მოწყობა ტურისტებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად იგეგმება.
ანთიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ ამ დროისთვის მუცოში მხოლოდ პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურაა მუშახელისთვის, მათ შორის ხუთი კოტეჯი, ამბულატორია და მთავარი ოფისი. ტურისტებისთვის კი მსგავსი ობიექტები არ არის. არის კაფეც, სადაც ბევრი ტურისტი მიდის.
„ტურისტების უსაფრთხოება ძეგლის ტერიტორიაზე აუცილებლად დაცული იქნება. ეს მიმართულება უფრო გამკაცრდება. ბილიკების მოწყობაც იგეგმება, იქნება სპეციალური მოაჯირები. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც სამი ადგილობრივია დასაქმებული, ტერიტორიის დათვალიერებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები სწორედ ისინი იქნებიან. ასევე, იქნება გამაფრთხილებელი ბანერები, რომ ყველგან გადასვლა არ შეიძლება. ვეცდებით, რომ სპონტანური ტურისტული ნაკადის შემოდინების დროს, გაფრთხილებები იყოს“, - აცხადებს ანთიძეს.
ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, მუცოს რეაბილიტაციაზე 3.7 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან 1.7 მილიონი სახელმწიფო დაფინანსებაა, დანარჩენი კი ფონდმა „ქართუმ“ გაიღო.
„მუცოს რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2014 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო სამედიცინო პუნქტი და გარკვეული ინფრასტრუქტურა. მათ შორის, მუზეუმ-ნაკრძალი. მნიშვნელოვანია ის რომ, თუ ადრე მუცოში მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობდა, ახლა სამი ოჯახი ცხოვრობს და მუზეუმ-ნაკრძალში სწორედ ისინი არიან დასაქმებულები.
www.travelingeorgia.ge