ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„მუსიკალური ფესტივალი საირმე 2017“
26 ივლისი, 2017

გუშინ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია „მუსიკალური ფესტივალი საირმე 2017“- ის შესახებ, რომელიც წარმოადგინეს ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ, დირექტორის მოადგილემ ირაკლი ჭელიძემ, კურორტ „საირმე“-ს დამფუძნებელმა თემურ კოხოძემ, კომპოზიტორმა და დირიჟორმა ვახტანგ კახიძემ და ანსამბლი „რუსთავის“ ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა.

„მუსიკალური ფესტივალი საირმე 2017“ გაიმართება 29 ივლისიდან - 10 სექტემბრის ჩათვლით, კურორტ საირმეში. პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად უფრო მრავალფეროვანი გახდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ანსამბლები და სოლო შემსრულებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

პროექტის განხორციელების მიზანია იმერეთის რეგიონის კულტურულ ცენტრად ქცევა და კურორტ საირმეს, როგორც უნიკალური საკურორტო ზონის პოპულარიზაცია, ტურისტების მოზიდვა და ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა.

წელს ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამას შეთავაზებს ქართული მუსიკის მიმართულებით. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები: „რუსთავი“, „დიდგორი“, „იალონი“, „შავნაბადა“, „ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი“, „იამე“, „ბასიანი“, „თბილისი“ და სოლო შემსრულებლები  ნეკა სებისკვერაძე და დავით ნოზაძე, რომა რცხილაძე და Paul Rimple. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

მომავალი წლიდან იგეგმება ფესტივალისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭება და სხვადასხვა ქვეყნებიდან შემსრულებლების მოწვევა.

ფესტივალის წარმომდგენი: სასტუმრო „საირმე“ და  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

„შედგა ფოლკლორული ცენტრისა და კურორტ საირმეს თანამშრომლობა. ისინი ახალი მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებლები არიან, რომელიც მომავალ წელს საერთაშორისო იქნება, რადგან ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი ესტუმრება. ეს არის იმის მაგალითი თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს საქართველოში ტურიზმი და კულტურა.“ - განაცხადა კომპოზიტორმა და დირიჟორმა ვახტანგ კახიძემ.

„ეს ყველაფერი პირველ რიგში ტურისტებისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ქვეყანაში მათ ფოლკლორის მოსმენა სურთ, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის დიდი საგანძურია. “ - განაცხადა კურორტ „საირმე“-ს დამფუძნებელმა თემურ კოხოძემ.

„დღევანდელი დღე ძალიან სასიხარულოა, როგორც ქვეყნისთვის, ასევე მუსიკალური საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, რადგან დაფუძნდა მუსიკალური ფესტივალი, სადაც უამრავი ანსაბლი მიიღებს მონაწილეობას. ეს ყველაფერი საინტერესოა იმით, რომ ტარდება კურორტ საირმეში და ჩვენი მიზანია ის, რომ უნიკალური კურორტი უფრო ცნობილი გახდეს.“ - განაცხადა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ.

29 ივლისი - ანსამბლი „რუსთავი“

5 აგვისტო - ანსამბლი „დიდგორი“

12 აგვისტო - ანსამბლი „იალონი“

19 აგვისტო - დავით ნოზაძე და ნეკა სებისკვერაძე

20 აგვისტო - რომა რცხილაძე და Paul Rimple

26 აგვისტო - ანსამბლი „შავნაბადა“

2 სექტემბერი - ანსამბლი „თბილისი“

9 სექტემბერი - ანსამბლები „იამე“ და „ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი“

10 სექტემბერი - ანსამბლი „ბასიანი“

(ფესტივალის საზეიმო დახურვა)

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.