ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მწვანე პასპორტების ამოქმედებამ რესტორანი “ტერასა“ გაკოტრების პირას მიიყვანა
14 დეკემბერი, 2021

ქვეყანაში მწვანე პასპორტების ამოქმედებამ ზაჰესში არსებული რესტორანი ტერასა გაკოტრების პირას მიიყვანა. როგორც “კომერსანტს“ რესტორნის მეპატრონემ დათო შაინიძემ უთხრა, რესტორანმა მომხმარებელთა ის მცირე რაოდენობაც ვერ შეინარჩუნა, რაც 1-ელ დეკემბრამდე ჰყავდა.

„მომხმარებელთა რაოდენობა შეგვიმცირდა კი არა, სავალალო შედეგამდე მივედით, დაკეტვის პირას ვართ. ვფიქრობ, გამოსავალი ყოველთვის არსებობს, თუმცა ვისაც ეს საკითხი ეხება, ამაზე არ მსჯელობს.

სიმართლე გითხრათ, ჩემი პოზიცია წინააღმდეგობრივია, რადგან თუ მწვანე პასპორტიანი შემოვა, შესაძლოა იმ მომენტში ვირუსის მატარებელი იყოს ისე, რომ არ იცოდეს და გაავრცელოს ეს ვირუსი. შესაბამისად, მწვანე პასპორტების ამოქმედება ამ პრობლემას არ ჭრის.

პრობლემის აღმოსაფხვრელად სხვა ბერკეტებია საჭირო, დღეს საზოგადოება ორად არის გაყოფილი, ნაწილს უნდა აცრა, ნაწილი არ იცრება, ორივე მხარეს თავისი არგუმენტები აქვს, აქედან გამომდინარე ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, რადგან რეგულაციები პირდაპირ ურტყამს ამა თუ იმ ბიზნესს და კონკრეტულად ჩვენ რესტორანსაც. ჩვენ დაგვიდეს დოგმა, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, ჩვენ კი ვხელმძღვანელობთ, მაგრამ რა უნდა ვქნათ თუ შესაბამისი მომხმარებელი არ არის? დღეს რესტორანს მომხმარებელი ფაქტობრივად არ ჰყავს. ამ სიტუაციაში რთულია, რომ ჩვენ რამე გამოსავალი ჩვენით ვიპოვოთ“, - აღნიშნა დათო შაინიძემ

კითხვაზე, ხომ არ შესთავაზებს რესტორანი ტერასა მომხმარებლებს სწრაფ ტესტებს, დათო შაინიძე პასუხობს, რომ სწრაფი ტესტების შეთავაზება ბიზნესის მხრიდან დამატებთ რესურსს მოსთხოვს. გარდა ამისა, რესტორნის ხელმძღვანელს მის სანდოობაში ეჭვი ეპარება.

„სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხით მომხმარებელთა მიღება კი დაშვებულია, მაგრამ ჩვენ ამაში რეალურს ვერაფერს ვხედავთ, მეც გადავიტანე კორონავირუსი და თავიდან სწრაფმა ტესტმა უარყოფითი პასუხი მიჩვენა. არარეალურად მეჩვენება და თან გეგმურად არ იქნება ეს გამართლებული. გარდა ამისა, არაპროფესიონალსაც ვერ გააკეთებინებ ტესტს, მედიკოსი გჭირდება, გარემო გჭირდება, რომელიც ჰიგიენურ პირობებს დააკმაყოფილებს, მომხმარებელსაც რიგში ვერ დააყენებ. ძალიან რთული და ქაოტური ამბავია.

სწრაფი ტესტები მთავარ პრობლემას არ აღმოფხვრის და ის ვირუსის გავრცელებას ვერ შეაჩერებს, ამით უბრალოდ თვალებს ვიხვევთ. ჩვენ ასე ზედაპირულად ვერ ვუდგებით საქმეს და ბიზნესის თვალით რომ შეხედო, ეს ხარჯებს გაზრდის“, - აღნიშნა დათო შაინიძემ.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.