ქვეყანაში „მწვანე პასპორტების“ სქემა 1-ლი დეკემბრიდან მოქმედებს, თუ როგორ აისახა აღნიშნული რეგულაცია სასტუმრო ბიზნესზე, ამის დასადგენად „კომერსანტი“ სასტუმრო “ლოპოტა სპა რეზორტს“ და მესტიაში სასტუმრო „უშბას“ დაუკავშირდა.
როგორც სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალურმა მენეჯერმა მაკა ღლიღვაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე „მწვანე პასპორტებს“ მომხმარებელთა რაოდენობაზე გავლენა არ მოუხდენია და სასტუმრო კომპლექსი მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს.
„არ შეგვინიშნავს, რომ „მწვანე პასპორტების“ ამოქმედება რამეზე უარყოფითად ასახულიყო, ზოგადად დეკემბერი ჩვენი სასტუმროსთვის მაღალ დატვირთულობით არ გამოირჩევა, თუმცა ნოემბერთან შედარებით განსხვავება არ გვაქვს და დეკემბერშიც ჯავშნების იგივე რაოდენობა მოგვყვება, შესაბამისად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ სასტუმროზე მწვანე პასპორტების ამოქმედებას არანაირი გავლენა არ მოუხდენია“, - აღნიშნა მაკა ღლიღვაშვილმა.
მისი თქმით, „ლოპოტა სპა რეზორტი“ ახალი წლისთვის განსაკუთრებულ სამზადისშია, იგეგმება საახალწლო და საშობაო სოფლის ლოპოტას მთელ ტერიტორიაზე მოწყობა, ასევე ახალი წლის ღამეს ვიზიტორების განწყობაზე იტალიური ჯაზბენდი ლუდი ალენტინოს ხელმძღვანელობით იზრუნებს. როგორც მაკა ღლიღვაშვილმა აღნიშნა, სასტუმრო ჯავშნებს უკვე იღებს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ტურისტული სეზონი არ არის, მომხმარებელთა უმეტესობა ადგილობრივია.
რაც შეეხება მესტიას, სასტუმრო „უშბაში“ გვითხრეს, რომ დეკემბერი მესტიისთვის „მკვდარი სეზონია“ და ამჟამად დამსვენებლები არ ჰყავთ, თუმცა დეკემბრის ბოლოსთვის ჯავშნებს უკვე იღებენ.
როგორც სასტუმრო „უშბას“ მეპატრონემ თეა ჟორჟოლიანმა აღნიშნა, დეკემბრის ბოლოსთვის მისი სასტუმრო მთლიანად დაჯავშნილია, ვიზიტორების უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
“ჯერჯერობით საერთოდ არავინ არ გვყავს, არც ჩემთან და არც სხვა სასტუმროებში. სტუმრები ძირითადად დეკემბრის ბოლოდან იწყებენ ჩამოსვლას. მქონდა შემთხვევა რომ ვიღაცები დამიკავშირდნენ და მკითხეს, შევუშვებდი თუ არა მწვანე პასპორტის გარეშე, უარი ვუთხარი.
სეზონი 25 დეკემბრიდან იწყება და ჯავშნებს მეტნაკლებად უკვე ვიღებთ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან უცხო ქვეყნის მოქალაქეები შემოდიან, იმათთვის “მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მის გარეშე ქვეყანაში ისედაც ვერ შემოვლენ, ზაფხულში ადგილობრივ დამსვენებლებს ვეკითხებოდი და უმეტესობა მეუბნებოდა რომ აცრილია, მე მომხრე ვარ ამ რეგულაციების. ჯერჯერობით ვინც მიკავშირდება ჯავშანზე ყველა უცხოელია, ძირითადად უკრაინელები არიან და კიდევ ბელორუსების ჯგუფს ველოდები. ქართველებიც ჩამოვლენ, უბრალოდ მათ წინასწარ დაჯავშნა არ იციან, უცხოელებმა 4 თვით ადრე დამიჯავშნეს“, - აღნიშნა თეა ჟორჟოლიანმა.
ქვეყანაში „მწვანე პასპორტი“ 1- ლი დეკემბრიდან მოქმედებს. „მწვანე პასპორტის“ გარეშე მომხმარლები კაფეებისა და ბარების ღია და დახურული სივრცეებში, რესტორნებში, კინოთეატრებში, მუზეუმებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობი ცენტრებში, სამორინეებში, სპა-ცენტრებში, ფიტნესდარბაზებში, სასტუმროებსა და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე არ დაიშვებიან.
commersant.ge