1-ელ თებერვალს გამართულ სხდომაზე საკოორდინაციო საბჭომ “მწვანე პასპორტების” მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. როგორც რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე „კომერსანტთან” საუბრისას აღნიშნავს, “მწვანე პასპორტი” ვირუსის გავრცელების ბერკეტი ისედაც არ ყოფილა.
“მე მწვანე პასპორტის გაუქმების მოთხოვნის დროსაც აღვნიშნე, რომ ასეთი ტიპის რეგულაციები, რეალურად კოვიდ ვითარების გაუარესებისთვის ბერკეტს არ წარმოგადენს, ეს არის ზუსტად ისეთი რეგულაცია, როგორც ჩვენ პრაქტიკაში გვქონდა მაშინ, როდესაც მანქანაში მძღოლის გვერდზე დაჯდომა არ შეიძლებოდა და ასევე ორ ადამიანზე იყო შეზღუდვა. აქედან გამომდინარე რეგულაციის არსებობა მხოლოდ და მხოლოდ ამძიმებდა სიტუაციას და ქმნიდა ეკონომიკისთვის გაუმართაობას, ამიტომაც საჭირო იყო არა მწვანე პასპორტების, არამედ ზოგადად რეგულაციების გაუქმება, ვგულისხმობ ივენთების და სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას. შეიძლება გარკვეული შეზღუდვა დაწესდეს რაოდენობაზე, თუმცა მთლიანად აკრძალვა უნდა მოიხსნას.
შეიძლება ცოტა პარადოქსულად ჟღერს შეზღუდვის მოხსნა მაშინ, როცა ინფიცირების რიცხვები იმატებს, მაგრამ ჩვენ რომ შევქმნათ ახლა მთვარეზე გაფრენის აკრძალვა და ვთქვათ რომ ამით შევაჩერებთ კოვიდს ასე ხო არ იქნება, იგივეა დღეს არსებული რეგულაციები, ვირუსის გავრცელების პრევენციასთან ამ შეზღუდვას არანაირი კავშირი არ აქვს. ვერც ერთი რეგულაცია და აკრძალვა დღეს ვირუსის გავრცელებას ვერ აკავებს, შეიძლება ადამიანს ისე ჰქონდეს ვირუსი, საერთოდ არც იცოდეს, გატესტილიც იყოს და საბუსტულიც.
მწვანე პასპორტების შემოღების შემდეგ მომხმარებელი რეალურად რეგიონში მდებარე რესტორნებს დააკლდათ, თბილისში არსებულ რესტორნების ნაწილს ეს პრობლემა ნაკლებად ჰქონდათ”, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება“, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას.
1-ლი თებერვლის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა — 24 201 ინფიცირებული.
commersant.ge