საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზემეწყერის ჩამოწოლის შედეგად “კუკუშკას” მუშაობა შეფერხდა. კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „კუკუშკამ“ მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო.
“ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე, გუშინ გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა. შეფერხების გამო, ბორჯომიდან 07:15-ზე გასულმა ,,კუკუშკამ“ მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა.
წინასწარი ინფორმაციით, მეწყერის გამომწვევი მიზეზი ადგილობრივი წყალმომარაგების კომპანიის წყლის მილის გაუმართაობა გახდა, რის გამოც ნიადაგი ლიანდაგის მიწის ვაკისზე ჩამოიშალა.
ლიანდაგი მეწყრული მასით არის დაფარული. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მოძრაობა კი რამდენიმე დღეში, სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდება. საქართველოს რკინიგზა შეფერხების გამო, მგზავრებს ბოდიშს უხდის”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
www.travelingeorgia.ge