ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„მხოლოდ ტურიზმი კი არა, ადგილობრივი მოსახლეობაც დიდ დისკომფორტშია, ბავშვები და მოხუცები იყინებიან“ - ზამთრის სეზონის მუდმივი პრობლემები მესტიაში
24 თებერვალი, 2023

„დიდთოვლობის გამო მესტიაში სამი დღე ელექტროენერგია არ გვქონდა, ამის გამო ძალიან ბევრი ჯავშნები გაგვიუქმდა, დიდთოვლობამდე ტურისტების შემცირების მიზეზი უთოვლობა იყო“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ სასტუმრო „ვილა მესტიას“ მეპატრონემ მანანა კვიციანმა უთხრა, მისი თქმით ელექტროენერგიის პრობლემას, გზის პრობლემაც და საბაგიროების გათიშვაც დაემატა.

 „ბოლო პერიოდში ბევრი ჯავშანი გაგვიუქმდა, უშუქობამ ბევრი პრობლემა გააჩინა, ყველას არ აქვს გენერატორები და დიზელი, რომც  ჰქონდეს, ძალიან დიდ  ხარჯებთან არის დაკავშირებული და არ ღირს. ამას საბაგიროების გათიშვაც ემატება და ეს ყველაფერი ტურიზმის განვითარებას აფერხებს. ხალხი სასრიალოდ ვერ ჩამოდის. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში რუსეთის ბევრი მოქალაქეა, ზამთრის სეზონზე მესტიაში ძირითადად რუსი დამსვენებლები არიან, ასევე  მცირე რაოდენობით გვყავს ჩეხებიც, ზოგადად კორონავირუსის პანდემიის  შემდეგ ევროპელი დამსვენებლების რაოდენობამ იკლო და რუსული ბაზარი გაიზარდა.

ამ დღეებში  გზაზე პრობლემებიც  შეიქმნა, ბევრ სტუმარს მოუწია გზაზე დარჩენა, ტურისტების ნაწილი, რომლებიც ჩვენამდე ვერ ამოვიდნენ  მოსახლეობამ შეიფარა, თუმცა  აქ უნდა ითქვას, რომ მარტო გზის  პრობლემაც არ არის, ზოგი მოუმზადებელი იყო და არასწორი საბურავები ეყენა. ახლა გზების გაწმენდა მიმდინარეობს, თუმცა მარტო გზის  გაწმენდა პრობლემას ვერ აგვარებს, ყველაზე დიდი პრობლემა  მესტიაში ელექტროენერგიაა, აქ გაზი არ არის და ხალხი დენით თბება, გათბობა რომ იყოს უშუქობას კიდე რაღაცას მოუხერხებ, სანთელს აანთებ, მაგრამ სიცივეს ვერაფერ უზამ,“ - აღნიშნა მანანა კვიციანმა.

მანანა კვიციანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამინდი პროგნოზირებადია, მესტია ყოველ წელს ზამთარს მოუმზადებელი ხვდება.

„მარტო ტურიზმზეც  არ  არის, ჩვენი მოსახელობაა ძალიან დიდ დისკომფორტში, ელექტროენერგია გუშინ ჩართეს, ვინც უშუალოდ მუშაობს  ეექტროენერგიის მიწოდებაზე, ისინიც  ძალიან დიდ  დისკომფორტში არიან, ჩემი შეხედულებით არც   შესაბამისი აღჭურვილობა და ტექნიკა აქვთ იმისთვის, რომ მიწოდება სწრაფად და მობილურად მოხდეს.

ეს ყველაფერი კი როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებში, ასევე  ტურისტებშიც დემოტივაციას იწვევს, ვის ეხება ამ პრობლემის მოგვარება ისიც არ ვიცით“, - აღნიშნა მანანა კვიციანმა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.