ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„მზად ვართ იმაზე უკეთესი გარემო შევქმნათ, ვიდრე წინა წლებში იყო“ - როგორ ემზადება კურორტი გოდერძი ახალი სეზონისთვის
11 დეკემბერი, 2017

მაღალმთიან აჭარაში მდებარე კურორტ გოდერძიზე სამთო-სათხილამურო სეზონი 9 დეკემბერს გაიხსნა.  გოდერძის უღელტეხილი ამ ზამთარს მოთხილამურეებს ორ საბაგირო გონდოლასა და ბაბლის ტიპის ხაზს შესთავაზებს, რომელთა ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრს შეადგენს.  საბაგირო ერთ-ერთი საუკეთესოა არა მარტო საქართველოს, არამედ სრულიად ევროპის მასშტაბით.

გოდერძის რიგით მესამე სეზონის გახსნასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ „გოდერძი რიზორტსის“ ხელმძღვანელს ზურაბ ჭურკვეიძეს ესაუბრა. როგორც ჭურკვეიძემ განაცხადა, კურორტი წლევანდელ სეზონს სიახლეებითა და მოლოდინებით ხვდება.

„კურორტი 9 დეკემბერს დილის 12 საათზე გაიხსნება. ხელი მოეწერება ახალ ოთხ საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც გაზაფხულზე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყება. (“GOLDMINE”, GSP GROUP – 10 4-ნომრიანი კოტეჯი, 45 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი “MOUNTAIN SKY”-სთვის, 30-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის “ირეპალასი“).

ასევე კურორტზე წელს წარმოდგენილი იქნება ღია ცისქვეშ კინოთეატრი, ახალი საბავშვო გასართობი მოედანი, კაფე-რესტორანი და ოთხი სწრაფი კვების ობიექტი.

გახსნის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი, რაც ვიზიტორებს საზეიმო განწყობას შეუქმნის. ჩვენ იმაზე მეტ ტურისტს ველოდებით ვიდრე ეს გასულ წელს იყო.

ტურისტების მხრიდან გოდერძის კურორტზე მოთხოვნა და შესაბამისად, ჩვენი მოლოდინიც საკმაოდ დიდია“, - განმარტა „გოდერძი რიზორტსის“ ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება ძირითად ქვეყნებს, ზურა ჭურკვაიძე აღნიშნავს, რომ  „ძირითადი ბაზრები უკრაინული, რუსული და ევროპული ქვეყნებია. ევროპიდან განსაკუთრებული ინტერესი გერმანელებისგან იგრძნობა“, - განაცხადა ჭურკვაიძემ.

წელს კურორტი „გოდერძი“ 60 ათას ლარად თოვლმავალის დაქირავებას აპირებს. სახელმწიფო შესყიდვა თოვლმავალზე კურორტის ადმინისტრაციამ პირველ დეკემბერს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სპეციალური დანიშნულების თოვლმავალი დამკვეთის მიერ მითითებულ დღეებში მოსახლეობას მოემსახურება. თოვლმავალში 12 მგზავრის ადგილი უნდა იყოს.

თოვლმავალის გამოყენებას კურორტი „გოდერძი“ აპირებს ზანკა-გოდერძის უღელტეხილზე უტყუსუბნის მიმართულებით დამსვენებლების გადასაყვანად. თოვლმავალი დღის განმავლობაში ორ რეისს დილით და საღამოს საათებში შეასრულებს.  მისი ღირებულება თითო ადამიანზე 20 ლარი იქნება.

ზურაბ ჭურკვაიძის განცხადებით, გოდერძი მზადაა იმაზე უკეთესი გარემო შექმნას, ვიდრე ეს წინა წლებში იყო. მისივე თქმით, კურორტზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები გამართა.

გოდერძის კურორტის განვითარება 2011 წელს დაიწყო. პროექტს კომპანია „გოდერძი რეზორტი” ახორციელებს. კურორტის მშენებლობაზე ცენტრალური ბიუეჯეტიდან 23 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამასთან, საბაგირო გზებისთვის ავსტრიის მთავრობისგან 10.9 მილიონ ევროზე მეტი შეღავათიანი სესხი იყო გამოყოფილი.

კურორტი გოდერძი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. კურორტს რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. საბაგირო გზის ყველაზე მაღალი ადგილი აქ ზღვის დონიდან 2350 მეტრზე მდებარეობს.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.