მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, გურიიდან იმერეთში, ალექსი ნაკაშიძე ჩამოვიდა და ბაღდათთან ახლოს, ზემო ბაღდათში დასახლდა. მას შემდეგ მოშენდა და მომრავლდა ნაკაშიძეთა მოდგმა. ბაღდათელმა ნაკაშიძეებმა, შთამომავლობას, სანაქებო საქმეებიც დაუტოვეს, თავის მოსაწონებლად და ფასდაუდებელი განძიც _ იარაღის უნიკალური კოლექცია... ძმებმა _ შუქრი და ჯურხან ნაკაშიძეებმა, წლების მანძილზე აგროვეს, წინაპართა ნაქონი და ნალოლიავები იარაღი. სხვაც ბევრი ამატეს... ამასობაში, შუქრის ვაჟებიც წამოეწია _ გიორგი და ბეშქენი. ძმები კიდევ უფრო გულანთებულნი შეუდგნენ წინამორბედთა წამოწყებულ საქმეს... ერთად თავმოყრილ იარაღს, ხელი შეავლეს, შეისწავლეს, აღადგინეს და წინაპართა ნაფუძარზე საგვარეულო ეთნოგრაფიული მუზეუმი გამართეს...
`როგორც ივანე ჯავახიშვილი ბრძანებდა: ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი წარსული ცხოვრების ისტორია. უტყუარი, ჭეშარიტი და არა ყალბი და გაზვიადებული. ამისთვის მომავალ თაობას უნდა შემოვუნახოთ ნივთიერი მტკიცებულებები. ეს გვაჩვენებს, როგორი წარსული გვაქვს~ _ გვეუბნება, ჩვენი მასპინძელი, _ შუქრი ნაკაშიძე და იმ შენობისკენ მიგვიძღვის, სადაც ნაკაშიძეების უნიკალური საგანძურია დაცული. კარების წინ, ჯაჭვზე დაკიდებული საუკუნეებგამოვლილი ქვაბი, შუაცეცხლის იმიტაციას ქმნის და თითქოს გარდასულ დროში მოგზაურობისთვის გამზადებს. ზღურბლს გადააბიჯებ და თვალწინ ისტორია ცოცხლდება. რას არ ნახავს კაცი ამ ერთ პატარა ოთახში, _ ქართულ დამბაჩებსა და თოფებს; ქართულ, რომაულ, მონღოლურ, შვედურ და ფრანგულ იარაღს...
ნაკაშიძეების კოლექციაში, ოცამდე თოფი, ოცდახუთამდე ხმალი და ორმოცდაათამდე სატევარი და ხანჯალია, ზოგი წინაპართა ნაქონია, ზოგიც ნაპოვნი, ან შეძენილი. კედლებზე ლამაზად ჩამწკრივებულ, თითოეულ იარაღს, თავისი ისტორია აქვს. მუზეუმის დათვალიერებას, ქვის ხანის შუბის პირით ვიწყებთ...
შუქრი ნაკაშიძე:
_ მუზეუმში მოთავსებული საბრძოლო იარაღებიდან, ყველაზე ძველი, შუბის პირებია, _ ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანიდან. დანამდვილებით ვერ გეტყვით, რომელიმე ჩვენი წინაპრების ნაქონია თუ არა. ჩვენი წინაპრები, მეცხრამეტე საუკუნის მერე ნახევარში ჩამოვიდნენ ბაღდათში. ამ დროს უკვე ცეცხლსასროლი იარაღია გამოგონილი, თუმცა საგულისხმოა, რომ რამდენიმე მათგანი ნაფუძარზეა მოპოვებული, უმეტესობა, მთლიანად ბაღდათის ტერიტორიაზე _ ბაღდათში, ბევრი ადგილია მეწყერის შედეგად ჩამოშლილი, ნიადაგში ვპოულობდით, თევზაობისას ან ნადირობის დროს. უკეთ, რომ წარმომეჩინა, ვასუფთავებდი და რესტავრაციას ვუკეთებდი. ქვის ხანის შუბის პირის ამ ტერიროტრიაზე არსებობა, იმაზე მეტყველებს, რომ ბაღდათის ტერიტორიაზე პირველყოფილ ადამიანსაც უცხოვრია...
ერთ-ერთი შუბი მონღოლურია, რომელიც მე-12-მე-13 საუკუნეებით თარიღდება. ეს ის პერიოდია, როდესაც მონღოლებმა დალაშქრეს საქართველო და დაიპყრეს იგი.
ჯერი თოფების კოლექციაზე მიდგა. მუზეუმში თოფების მთელი ევოლუციაა წარმოდგენილი. უმეტესობა წინაპართა ნაქონია, ზოგიც ნაკაშიძეთა გვარის ოჯახებიდან მოპოვებული. მასპინძელს განსაკუთრებით რამდენიმე მათგანი ეამაყება...
შუქრი ნაკაშიძე:
_ მოგეხსენებათ, ნაკაშიძეები თავადური წარმომავლობის გვარია. სიმდიდრით ვერავინ გაუტოლდებოდათ ბაღდათში, ჯოგები დაუდიოდათ მთაზე, ჰქონდათ სახერხი ქარხნები... დიდძალ სიმდიდრეს დაცვაც სჭირდებოდა, ნადირსაც უნდა გაფრთხილებოდნენ და კაცსაც _ მაშინ, ბახმაროს მთებიდან ზეკრისა და საირმის საძოვრებზე ოსმალები გადმოდიოდნენ და პირუტყვს იტაცებდნენ. ამიტომ საკმაო რაოდენობის იარაღს ფლობდნენ. უმეტესობამ ჩვენამდე მოაღწია, არ გავყიდეთ და თავის ადგილი მივუჩინეთ. ხედავთ, რომ აქ თოფის მრავალი ეგზემპლიარია წარმოდგენილი. განსაკუთრებით აღსანიშნავი ქართული კლასიკური კაჟიანი თოფი. იგივე ფილთა. ამისავე მსგავსია, მეორე კაჟიანი თოფიც, ოდნავ მომცრო და განვითარებული, მაჭახელას, რომ ეძახიან. კაჟის ნატეხის ფოლადის ფირფიტაზე (კვესი) დაცემის შედეგად წარმოიშობოდა ნაპერწკალი. ნაპერწკალი აალებდა ფალიაზე დაყრილ წამალს, ცეცხლი გადადიოდა ლულაში და აქედან ფეთქდებოდა; საქართველოში, მე-17 საუკუნემდე აგებულ არცერთ ციხესიმაგრეს სათოფურები არ აქვს დატანებული. სათოფურიანი ციხე-სიმაგრეები მხოლოდ ამის შემდგომ ჩნდება. საქართველოში თოფების წარმოებაც, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება. ეს კაჟიანი თოფიც სამასზე მეტი წლისაა.
არანაკლებ საინტერესოა მოკლელულიანი, ფისტონის თოფი. სააბრაგოსაც უწოდებენ. ჩვენი წინაპრების ნაქონია. ეს იმ პერიოდისაა, როდესაც თოფი ჯერ კიდევ არ არის გადახსნილი. ლულიდან იტენება, შამპონით. პროგრესი ისაა, რომ უკვე ფისტონია გამოყენებული. ამ თოფს, ნაბდის ქვეშ ატარებდნენ. წინასწარ დატენიდნენ და საფრთხის დროს, ნაბადსავე ქვეშ ხდებოდა თოფის სასროლად შემზადება, შემდეგ ლულით ნაბდის კალთას გადაწევდნენ და მოულოდნელად ისროდნენ. ფისტონის თოფს უკვე გადახსნილი თოფი, _ ე.წ. შაშხანა მოსდევს. გადახსნილი თოფი იმდენად საინტერესო აღარ არის...
_ თქვენს კოლექციაში წარმოდგენილი თითოეული იარაღი საკმაოდ ძვირადღირებულია, ვიცი, რომ იარაღის შეძენის მსურველებიც იყვნენ...
_ არასოდეს არაფრის ფასად არ დავთმობ არცერთ ნივთს. როგორც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს ეს ყველაფრი, ჩვენც ისევე უნდა შევინახოთ მომავალ თაობას. ეს ხომ ისტორიაა და არა პირადი განძი.
კიდევ ერთი კუთხე ხანჯლებსა და სატევრებს უჭირავს, მოპირდაპირე მხარეს ხმლებია განლაგებული. ჩვენი მასპინძელი ერთ-ერთ ხმალს გვიჩვენებს და გვიხსნის, რომ ერთ დროს, იგი, მათ წინაპარს, იმ გიორგი ნაკაშიძეს ეკუთვოდა, რომელიც 1930 წელს, გურიის სამეფოს გაუქმების შემდეგ, რუსეთის სარდლობამ გურიის დროებით რწმუნებულად დანიშნა. გურიიდან ბაღდათში ჩამოსული ალექსი ნაკაშიძეც, მისი შთამომავალი იყო...
შუქრი ნაკაშიძე:
_ ხმლების და ხანჯლების კოლექციიდან, ჩვენი წინაპრების ნაქონი კიდევ რამდენიმე ხმალი და ერთი დიდი სატევარია. მისი სიგრძე 72 სანტიმეტრია. ასეთი სიგრძის სატევარს საქართველოს ბევრ მუზეუმშიც ვერ შევხვდებით. სატევარი დაზიანებული იყო. ჩვენამდე მხოლოდ ტარმა და პირმა მოაღწია. შემდეგ გაუკეთდა რესტავრაცია.
განსაკუთრებით საინტერესო მაინც რომაული მახვილი, იგივე გლადიუსია. საქართველოში მხოლოდ ჩვენს მუზეუმშია დაცული. როდესაც პომპეუსმა დალაშქრა მცირე აზია, ზეკრის უღელტეხილი გაიარეს. გზადაგზა ლეგიონერებიც იღუპებოდნენ და თავიანთ იარაღთან ერთად ასაფლავებდნენ. დროთა განმავლობაში მიწა ჩამოიშალა. ერთ-ერთი ჩამონგრეული სამარხის ნანგრევებში ვიპოვე სრულიად შემთხვევით.
იარაღებთან ერთად კოლექციაში მშვილდი და ორი ისარიც გვაქვს (მათ შორის ორტოტა ისრის პირიც). მშვილდი რომელ საუკუნეს მიეკუთვნება, ჩემთვის ცნობილი არ არის. ერთი- ერთი ისარი მე-11 საუკუნით თარიღდება და დავითურს უწოდებენ...
ნაკაშიძეების მუზეუმში, წელიწადში სამჯერ, იარაღის საგანგებო წმენდა ხდება, წინაპართა მსგავსად, უვლიან და ელოლიავებიან ძვირფას განძს.
იარაღის გარდა, მუზეუმში. ეთნოყოფისთვის დამახასიათებელი საუკუნეებგამოვლილი ნივთებიცაა წარმოდგენილი: სხვადასხვა ეპოქის სასმისები, მე-17 საუკუნის სპილენძის ჩაფი, სპილენძის დოქები... აქვე ნახავთ ნაკაშიძეების წინაპართა ნაქონ ნაბადს; ჩოხებსა და ყაბალახებს. სტუმრებს თურმე განსაკუთრებით ჩოხით შემოსვა ხიბლავთ. მასპინძელმა ჩოხას სითბოთი შეავლო ხელი და ღიმილით გვთხრა: `ჩაცმის უფლებას გვაძლევენ, გახდისას არაო~... პატარა სივრცეში, ექსპონატებისთვის ადგილი იმდენად მცირეა, ყველა ექსპონატი სათანადოდ არ არის წარმოჩენილი დამთვალიერებლების წინაშე, გაცოცხლებული ისტორიის ფრაგმენტები `იკარგება~...
ნაკაშიძეები მუზეუმის გაფართოებას აპირებენ. საამისოდ საფუძველიც ჩაუყრიათ, თუმცა დიდ გეგმებს, დიდძალი ფინანსები სჭირდება. მასპინძელს მომავლის იმედი აქვს. ეს მართლაც საშური საქმეა. მუზეუმის გაფართოებას თუ მოახერხებს, შუქრი ნაქაშიძე პირობას დებს, რომ ქართველი მხედრის სრულ აღჭურვილობასაც გააცოცხლებს და ეროვნულს სამოსსაც სათანადოდ წარმოაჩენს. დანაარჩენი ექსპონატები კი დახარისხდება და ცალ-ცალკე იქნება წარმოდგენილი: იარაღი, ანტიკვარიატი, საყოფაცხოვრებო ნივთები...
პაწაწინა შენობა კი, სადაც დღეს ნაკაშიძეების საგანძურის უმეტესობაა თავმოყრილი, მხოლოდ ღვინის ბარად დარჩება, სადაც მათ საოჯახო მარანში დაყენებულ ღვინოს დააგემოვნებენ. შუქრი ნაკაშიძე სპეციალობით ღვინის ტექნოლოგია და საუკეთესო და სანაქებო ღვინოსაც აყენებს... ქართველი კაცი, ვაზს ხომ ოდითგანვე განსაკუთრებულად ელოლიავებოდა და ეთაყვანებოდა. ჩვენს მასპინძელსაც, ვაზის და ღვინის სიყვარულმა აგროვებინა საქართველოში 70-იან 80-იან წლებში წარმოებული ყველა მარკის ღვინის ნიმუში და მუზეუმის ექსპონატებადაც აქცია... ღვინის ენოტეკაში, დაკვირვებული თვალი ადვილად შენიშნავს შუშის ერთლიატრიან ბოთლში ჩამოსხმულ კოკა-კოლას, რომელიც მუზეუმის კიდევ ერთი გამორჩეული ექსპონატია: `სამოციან წლებში შევიძინე იუგოსლავიაში. იმ დროს კოკა-კოლა გასინჯულიც არ ჰქონდა. რომ ვნახე დავინტერესდი და რამდენიმე ბოთლი წამოვიღე თან. შემთხვევით შემომრჩა ეს ერთი ბოთლი. სტუმრების ძალიან დიდი ინტერესს იწვევს~.
მუზეუმს ვტოვებთ. მასპინძელი იმ ადგილისკენ მიგვიძღვის, სადაც ჭურ-მარანი აქვს გამართული. იმერული სტუმარ-მასპინძლობის ფონზე, მარანსაც ვათვალიერებთ. შევსლისთანავე თვალში გხვდება ქვის უძველესი ბუხარი, რომელიც ბატონ შუქრის სრულიად შემთხვევით უპოვია სანაგვეზე გადაგდებული. აღადგინა და მარანში მიუჩინა ადგილი...
მალე, ნაკაშიძეების მუზეუმს უძველესი იმერული ოდა სახლიც შეემატება. ნაკაშიძეები ღია ცის ქვეშ მუზეუმის გამართვასაც აპირებენ...
ავტორი: შორენა მერკვილაძე