1 მარტს გახსნილი „ამბასადორი გოდერძი„ უკვე მაღალი დატვირთვით მუშაობს და ახალ 100 ნომრიან კორპუსს ამატებს
ამბასადორის ბრენდის მესამე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ახლა უკვე მაღალმთიან აჭარაში პირველ მარტს გაიხსნა. გახსნიდან თითქმის ორი კვირის შედეგებსა და მოლოდინებზე „კომერსანტთან“ ამბასადორის მარკეტინგის ურთიეთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ნადიბაიძემ ისაუბრა. ბრენდის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ ზამთრის კურორტი, რომელიც ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარულია საქართველოში, დიდი ინტერესით სარგებლობს უცხოელ ვიზიტორებშიც, რომლებიც რეგულაციების მოხსნას ელოდებიან. ადგილობრივი დამსვენებლების რაოდენობა კი საკმაოდ დიდია.
„ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გვიან მოგვიწია გახსნა და თითქმის ზამთრის სეზონის მიწურულია, საკმაოდ ბევრი სტუმარი გვყავს და მუდმივად დატვირთულები ვართ. იმის გათვალისწინებით, რომ კურორტი ჯერჯერობით არ არის პოპულარული ქართველ დამსვენებლებს შორის და სხვა სამთო კურორტები უფრო მოთხოვნადია, ინტერესი ვიზიტორებისგან საკმაოდ დიდია. 5 ვარკვლავიანი სასტუმრო ამ კურორტზე ძალიან უწყობს ხელს კურორტის განვითარებას. დარწმუნებულები ვართ, რომ გოდერძი ქართველი და უცხოელი ტურისტებისთვის ძალიან საყვარელი ადგილი გახდება. გოდერძის ლანდშაფტი და ჰაერი იძლევა ამ ყველაფრის საშუალებას.
ფასები ცვალებადია დღეებისა და სეზონების მიხედვით. ახლა გვყავს დამსვენებლები როგორც აჭარის რეგიონიდან, ასევე სხვა რეგიონის ქალაქებიდანაც. რაც შეეხება ჯავშნებს, უცხოელი ტურისტებისგან ჯერ არ გვაქვს მაგრამ ინტერესი საკმაოდ დიდია და ბევრი ელოდება პანდემიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და რეგულაციების მოხსნას. ძალიან პერსპექტიული და იმედისმომცემი გეგმები გვაქვს,“ - განმარტავს ნინო ნადიბაიძე.
უახლოეს მომავალში ამბასადორი ამავე სასტუმროსთან ახალი 100 ნომრიანი შენობის დამატებას გეგმავს. ამბასადორის შემადგენლობაშია ყინულის მოედანიც, ასევე ხდება სხვადასხვა ბრენდული სპორტული ინვენტარის გაქირავება.
სასტუმროს საინვესტიციო მოცულობა 30 მილიონი დოლარია, მეორე შენობის დამატების შემდეგ, ეს თანხა გაორმაგდება.
შეგახსენებთ, სასტუმროს გახსნა თავდაპირველად დეკემბერში ზამთრის სეზონის დაწყებისას იგეგმებოდა, თუმცა მთავრობის მიერ მთის კურორტებზე დაწესებულმა შეზღუდვებმა „ამბასადორ ჯგუფის“ გეგმები შეცვალა და მისი გახსნა 5 თებერვლისთვის გადაიდო. პირველ ეტაპზე „ამბასადორი გოდერძი“ 120 ადამიანს ასაქმებს, ხოლო სასტუმროს მეორე კორპუსის გახსნის შემდეგ ოთახების რაოდენობა 125-დან 270-280 მდე გაიზრდება, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი - 300-მდე.
commersant.ge