ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნაქალაქარ გორულას წმ.ნიკოლოზის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა
23 ოქტომბერი, 2018
მარნეულის მუნიციპალიტეტში ნაქალაქარ გორულის წმ.ნიკოლოზის  სახელობის ეკლესიის  რეაბილიტაცია დასრულდა.
 
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, არქეოლოგიური ზედამხედველობით ეკლესიის ტერიტორია გაიწმინდა  მცენარეებისაგან, გასუფთავდა  სამშენებლო ნაგვისგან. მოიხსნა კრამიტის ქვის არსებული დუღაბის ფენა. გასუფთავდა ქანობები ხის კონსტრუქციების მოსაწყობად - კარნიზი ჩამოღვენთილი კირის ფენისაგან. მოეწყო დაფერილი თუნუქის სახურავი ლორფინის იმიტაციით. ინტერიერსა და ფასადებზე ამოივსო გამოქარული ადგილები კირ-დუღაბის ხსნარით, ჩაისვა რკინის კარებები სამხრეთ და დასავლეთ ფასადებზე. მოეწყო ბადიანი რკინის სარკმელები.
ნაქალაქარი გორულა განლაგებულია მთის სამხრეთ კალთაზე , რელიეფის სხვადასხვა ადგილზე, ერთმანეთისგან მოშორებით საკულტო, თუ საყოფაცხოვრებო ნაგებობებით გარშემორტყმული. წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესია მდებარეობს ნაგებობათა შორის ყველაზე მაღალ ადგილზე , რომელიც წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას. 
ეკლესია ნაგებია უხეშად დამუშავებული მუქი ყავისფერი ფერის ქვით , აქა-იქ ჩართული ბრტყელი აგურის ფილებით. თლილი ქვა გამოყენებულია მხოლოდ კუთხეებში ,სარკმლებსა და შესასვლელების ირგვლივ,რომლებიც გამოირჩევა მოყვითალო ფერით.  სამხრეთისა და დასავლეთის შესასვლელები  მოჩარჩოებულია სხვადასხავ ორნამენტებითა და ლილივებით, ასევე აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარკმელები ; ხოლო სამხრეთისა და ჩრდილოეთის სადად დამუშავებული თლილი ქვით და სიბრტყეში ჩაზრდილი ლილვით. ინტერიერში დარბაზი საკურთხევლისგან გამოყოფილია გვიანი პერიოდის სქელ კედლიანი აგურის კანკელით. საკურთხეველში დგას საკმაოდ ძლიერი წმინდა ტრაპეზის დიდი ზომის ქვა. 
 
დარბაზი დანაწევრებულია წყვილი პილიასტრით,რომლის საწყისი იადაკის დონიდან მაღალზეა. პილიასტრები მთავრდება მარტივი პროფილიანი კაპიტელებით და ვიწრო საბჯენი თაღებით. ინტერიერში აგური გამოყენებულია მთლიანად კამარაზე, სარკმელებისა და შესასვლელების თაღების ირგვლივ. კედლის საპირეები უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები.თლილი ქვა გამოყენებულია მხოლოდ კარის წირთხლებსა , პილიასტრებსა და თაღებზე. აქვეა ორი საფლავის ქვა ,მხედრული წარწერით.
 
სამუშაოები კომპანია „ბიჯი+“-მა შეასრულა.
 
რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
 
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.