ნატა კვანტალიანი თბილისის ზღვაზე "ნატალი სითის" მშენებლობისთვის მერიის ნებართვას ელოდება
ბიზნესმენი ნატა კვანტალიანი თბილისის ზღვაზე "ნატალი სითის" მშენებლობისთვის მერიის ნებართვას ელოდება. "საქმის კურსთან" საუბრისას ნატა კვანტალიანი განმარტავს, რომ პროცედურა გაჭიანურდა, რამდენადაც მერიას თბილისის ზღვაზე განაშენიანების გეგმა დამტკიცებული არ აქვს.
"15 მაისს უნდა წარედგინათ თბილისის გენერალური გეგმა მერიაში, თუმცა, ასე არ მოხდა და ველოდებით ამ პროცესს",- აცხადებს ნატა კვანტალიანი.
მისივე თქმით, "ნატალი სითი", რომელიც თბილისის ზღვაზე 13 ჰა ტერიტორიაზე 250 ვილის მშენებლობას ითვალისწინებს, ძირითადად ქართველ ემიგრანტებზე იქნება გათვლილი, რომლებსაც თბილისში უძრავი ქონების შეძენა სურთ.
ბიზნესმენის თქმით, ვილები სხვადასხვა სეგმენტზე იქნება გათვლილი და მომხმარებლებს შეეძლებათ როგორც დაბალი და საშუალო ასევე VIP-სეგმენტის ვილა შეიძინონ.
ნატა კვანტალიანი ამბობს, რომ მას შეთავაზება აქვს სასტუმროებისთვისაც, რომ მის მიწის ნაკვეთზე ობიექტი აშენდეს. ბიზნესმენი ამბობს, რომ მოლაპარაკება რამდენიმე ბრენდულ სასტუმოსთან მიმდინარეობს.
თბილისის ზღვაზე ამავე ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს სპორტული ბაზა.
www.bm.ge