“ჩვენ არ გვინდა განმეორდეს რომელიმე ფრენები, რომელიმე კონკრეტული მიმართულებით, ჩვენ გვირჩევნია ახალი მიმართულებები დაემატოს”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ Ryanair-ის ფრენების დაწყების შესაძლებლობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანიასთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი უახლოეს მომავალში გაიმართება და დეტალები სწორედ მისი დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
“ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად Ryanair-თან. პირველი შემოთავაზება მათგან მივიღეთ და ახლა ვაკეთებთ ამ შემოთავაზების გადამუშავებას. ჩვენი კონტროფერი წავა იმ მიმართულებით, რომ ჩვენ არ გვინდა განმეორდეს რომელიმე ფრენები რომელიმე კონკრეტული მიმართულებით. ჩვენ გვირჩევნია ახალი მიმართულებები დაემატოს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი მსხვილი კომპანიების შემოსვლა, როგორიც არის Ryanair–ი, იმიტომ რომ მათ თვითონ აქვთ ძალიან ფართო კლიენტურის ბაზა ევროპაში და ეს კიდევ ერთი გზაა იმისთვის, რომ უფრო მეტი ტურისტი შემოვიყვანოთ საქართველოში. ამ მიმართულებით ვმუშაობთ, სულ მცირე ხანში მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი შედგება, მეც შევხდები და ისეთ გადაწყვტილებას მივიღებთ, რომელიც ყველაზე უფრო მომგებიანი იქნება ჩვენთვის”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
“საქმიან დილასთან” საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა დაბალბიუჯეტიანი ავიახაზების მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
“დაბალბიუჯეტიანი ავიახაზები ბევრ ქვეყანაში სარგებლობენ გარკვეული მხარდაჭერით სახელმწიფოსგან და ეს არ არის მიმართული კომპანიებისკენ. ეს არის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაზე იმისთვის, რომ მათ შეძლონ მისაღებ ფასებში ევროპაში ფრენა, ასევე, იმ ევროპელი ახალგაზრდა ტურისტებისკენ, ვისაც არ აქვთ შესაძლებლობა, რომ მაღალი ფასი გადაიხადონ ფრენაში. ეს არის შესაძლებლობა, რომ ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტოს საქართველოს მონახულება და ეს არ იყოს მათთვის დიდი ფინანსური ტვირთი. აქ არ არის სუაბარი დიდ კონტრიბუციაზე, ეს არის მხარდაჭერა, რომელიც აქამდეც ხორციელდებოდა.
ჩვენ არ დავიშურებთ არანაირ ფინანსებს იმისთვის, რომ მისაღები დაბალფასიანი წვდომა ჰქონდეს ჩვენ მოქალაქეებსა და ბიზნესს ევროპულ ბაზრებზე და ევროპელ ტურისტებს – ჩვენს ბაზრებზე”, – აღნიშნა თურნავამ.