ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნავსადგური, საკემპინგე და რეკრეაციული ზონები - ხულოში მწვანე ტბის მოწყობა მიმდინარეობს
23 ოქტომბერი, 2017

ხულოში მდებარე უნიკალურ მწვანე ტბაზე სარეკრეაციო ზონის კეთილმოწყობის  სამუშაოები ხორციელდება. ტერიტორიის სამომავლო პერსპექტივებზე რამდენიმე თვის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ დაანონსა.

„ეს არის არაჩვეულებრივი უნიკალური ადგილი. მე ვფიქრობ, რომ ეს ტბა, ზოგადად ეს ლოკაცია, ჩაისვას ტურისტულ მარშრუტებში და ამისათვის მოსაწესრიგებელია იქ ინფრასტრუქტურა, გასაკეთებელია გზა და და კიდე რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი.  ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვიმსჯელებთ და უახლოეს პერიოდში გავაცნობთ საზოგადოებას“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

როგორც შპს Goderdzi Resort-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პიარის სპეციალისტმა ლაშა ველიაძემ „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, მწვანე ტბაზე ნავსადგური მოეწყობა.

„გზის ნაწილი გაკეთებულია, თუმცა ახლა კლიმატური პირობების გამო, ადგილზე სამუშაოები შეჩერებულია. მომავალი ზაფხულისთვის მწვანე ტბაზე მცირე პირსის, ნავსადგურის მოწყობა იგეგმება და ტურისტებს ტბაზე გასეირნება შეეძლებათ. ასევე, ადგილზე საკემპინგე ადგილები მოეწყობა და  ადმინისტრაციული შენობა აშენდება, სადაც ვიზიტორები საკუთარ ნივთებს შეინახავენ“, - აცხადებს ველიაძე.

width=501

მისივე თქმით, ზაფხულში მწვანე ტბის მოწყობა დასრულებული იქნება, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია.

ველიაძის თქმით, მწვანე ტბის მოწყობა ტურისტებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნისთვის გადაწყდა: „მწვანე ტბა ვიზიტორების მხრიდან საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს. თავისი შეფერილობით, ადგილმდებარეობით უნიკალურია. ბაიკერები, ველომრბოლებები, ტურისტები ხშირად ბანაკდებიან. ტბის მოწყობის შემდეგ, მათ მეტად ხელსაყრელი პირობები შეექმნებათ.

რაც შეეხება ინვესტიციას, თავდაპირველად ითქვა, რომ მწვანე ტბის მოსაწყობად 11 ათას 500 ლარი დაიხარჯებოდა, თუმცა როგორც ლაშა ველიაძე აღნიშნავს, კონკრეტული ინვესტიცია ჯერ არ განხორციელებულა, თუმცა არიან დაინტერესებული პირები, რომელთანაც ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.