ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნავთობსადენის გადასატუმბი სადგური, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
17 ივლისი, 2018

მცხეთაში მდებარე ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის გადასატუმბ შუალედურ სადგურს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ბაქო-ბათუმის ნავთობპროდუქტების სადენი 1897-1907 წლებში აშენდა. იმ დროისათვის ის მსოფლიოში ყველაზე გრძელი იყო (835 კმ., მილის დიამეტრი d- 200 მმ. ტრასაზე 16 შუალედური გადასატუმბი ქვესადგურით. აიგო ნავთის გადასატუმბად).

ერთი ქვესადგური მცხეთასთან აიგო მომსახურეთათვის ორი საცხოვრებელი სახლით, საცხოვრებელი მასალითა და ხუროთმოძღვრული ნიშნებით ქვესადგურის სტილს იმეორებს. სახლებს დღესაც საცხოვრებლად იყენებენ (გვიანდელი არაერთი მიშენებითა და გადაკეთებებით).

ქვესადგური სწორკუთხა გეგმის იყო, გარე ზომებით 33.00 X 17,5 მ. ცოკოლო და სარდაფი მყარი ტუფის ნაშალი ადგილობრივი ქვის დიდი კვადრებითაა ნაგები. კედლები კარგად გამომწვარი ღია სეპიიფერი აგურითაა ამოყვანილი, კარნიზები და „მაშიკულის“ მაგვარი დეკორატიული მოტივები მოწითალო ფერის აგურითაა გამოყოფილი (კედლების სისქე 75 სმ-ია). გრძივი კედლები რვა-რვა კონტრფორსითაა გამყარებული (ნაშვერია 50 სმ. და კედლის სიმაღლის 2/3 აღწევს). ფასადები აგურის ჭადრაკისებული ან ხერხულა წყობით გამოყვანილი დეკორითაა გაცოცხლებული. ფასადებზე მეტალის ჩამოსხმული წრიული დისკოებია ჩასმული. გრძივ ფასადებზე ღიობების ორი რიგია, ქვედა რიგი მაღალია (2.42 მ.), ზედა რიგი (0.71 მ.) რიგებს შუა კარნიზები მოწითალო ფერისაა ). საკმაოდ განიერი შესასვლელი, გრძივი ფასადების შუა არეშია გაჭრილი (ჩრდილოეთის ფასადზე მეორე კარი სარკმლის ნაცვლად გვიან გაიჭრა, სამხრეთის ფასადზე კარი გვიან ამოიქოლა.

კართან სიბრტყეზე სლავური სამი ასო КРА აგურის წყობითაა გამოყვანილი. ერთსართულიანი ვრცელი დარბაზი (424 კვ.მ. სიმაღლე 10,30 მ.) გადამქაჩავი ორთქისძრავიანი დანადგარისათვის აიგო, რომელიც მეტალის მოქლონებით მოჭიმული პირამიდული ფერმებითაა გადახურული.

სახურავის კეხზე სამი, დაახლებით 4.3 მ. სიგრძის მართკუთხა გეგმის ფანჩატურია (შუქფარანი), გარედან ხის ჟალუზებით (ზედმეტი სითბოს მოსაცილებლად). სარდაფში (სიმაღლე სავარაუდოდ 2.25- 2.40 მ.) ნავთობის გასაცხელებლად მოწყობილი აგურის საკმაოდ დიდი 12 შეწყვილებული ღუმელი დღესაცაა.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შენობის კონსტრუქტორმა ვლადიმერ შუხოვმა მის მიერ შექმნილი ფრქვევანას (форсунка-ს ) გამოყენებით პირველმა დანერგა თხევადი საწავის ჩირაღდნისებური წვით მაზუთის გაცხელება-გათხევადება და მილსადენით გატარება. მანვე, რუსეთის იმპერიაში პირველმა, დანერგა ნავთობისათვის მოქლონებით ნაჭედი დიდი ტევადობის რეზერვუარის აგება. ასეთი დიდი ტევადობის რეზერვუარი მცხეთის ნავთობგადასატუმბ სადგურთანაც იყო მაგრამ 1992 წელს „დაიკარგა“. 1962 წელს აქ ამუშავდა კავშირგაბმულობის ხელსაწყოების (Пром. свиязь-ის) ფაბრიკა. სადგურის დარბაზი ორსართულიან საამქროდ გადაკეთდა (ქვედა საამქროს სიმაღლეა 3.87 მ. ზედა სააქროს სრული სიმაღლე 6.27 მ.) დაემატა მცირე ზომის ლიფტი და მეორე სართულზე ასავლელი ორმარშიანი კიბე. სადგური წინ (ჩრდილოეთით) ფაბრიკისთვის აიგო ოთხსართულიანი ადმინისტრაციული შენობა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.