ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნებისმიერი უნებართვო ფრენა, შესრულებული ოკუპირებულ რეგიონებში, იქნება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა – კარანაძე
11 ოქტომბერი, 2022

“ნებისმიერი უნებართვო ფრენა, შესრულებული ოკუპირებულ რეგიონებში, იქნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების, მათ შორის, ჩიკაგოს კონვენციით გათვალისწინებული ნორმების უხეში დარღვევა, რაც თავის მხრივ წარმოადგენს საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების მოთხოვნების უგულვებელყოფას”, – განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ხელმძღვანელმა ლევან კარანაძემ ICAO-ს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

ლევან კარანაძემ ამჯერადაც გააჟღერა ქვეყნის პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ ე.წ. სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაუშვებლობის თაობაზე, სანამ ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ.

მან ასევე, მადლობა გადაუხადა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ქვეყნის სრული მხარდაჭერისთვის აღნიშნულ საკითხში.
ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობის მიღების გარდა, მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ გამართა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების და პარტნიორი საავიაციო ხელისუფლებების პირველ პირებთან, მათ შორის, შეხვედრები შედგა ICAO-ს გენერალურ მდივანთან, საბჭოს პრეზიდენტთან, კატარის სახელმწიფოს და კორეის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებების პირველ პირებთან, რომელთა ფარგლებშიც მხარეებმა საჰაერო მიმოსვლის აღდგენის კუთხით არსებულ დადებით დინამიკაზე და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი ICAO-ში კახა იმნაძე და დელეგაციის სხვა წევრები სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) რიგით 41-ე ასამბლეის პლენარული სესიების მუშაობაში მონაწილეობენ. ღონისძიება მონრეალში, ICAO-ს შტაბ-ბინაში მიმდინარეობს და მასში 177 სახელმწიფოს ორი ათასამდე დელეგატი მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ ICAO-ს ასამბლეა, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იკრიბება და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომდევნო სამი წლის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს, წელს პირველად შეიკრიბა კოვიდ-19 პანდემიის შემდეგ. ღონისძიების დღის წესრიგის ყველაზე მთავარ და აქტუალურ საკითხებს საავიაციო სექტორის მდგრადობა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა წარმოადგენს.

ასამბლეის გახსნით შეხვედრაზე, ასევე ხაზი გაესვა წევრი სახელმწიფოების მხრიდან, ICAO-ს ნახშირორჟანგის კომპენსირებისა და შემცირების სქემის (CORSIA) დანერგვის პროცესის მხარდაჭერას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ავიაციის სფეროში ინოვაციური მიდგომების შემოტანა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და თანამედროვე ციფრული გადაწყვეტები იქნება ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც უმთავრეს წვლილს შეიტანენ დარგის ოპერაციული მდგრადობის და საავიაციო გარემოსდაცვითი პროცესების გაუმჯობესებაში მომავალი ათწლეულების განმავლობაში.

ასამბლეის ფარგლებში, ჩიკაგოს კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს დელეგატები განიხილავენ ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის ტექნიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებს, ახალ სამწლიან სამუშაო პროგრამას და ბიუჯეტს, ასევე აირჩევენ იმ 36 ქვეყანას, რომლებიც იქნებიან ორგანიზაციის მმართველ საბჭოში 2023-2025 პერიოდისათვის.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გასული, მე-40 ასამბლეის ფარგლებში (2019 წელი), ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიღწეული მაღალი შედეგებისთვის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდა. ამასთან, სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე არჩეულ იქნა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.