ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
NIGHT LAB – თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტი ღონისძიებების ახალ სერიას იწყებს
13 მარტი, 2019

მიმდინარე წლის 29-31 მარტს თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტისა და თბილისის სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით, Night Lab-ის პირველი ღონისძიება (ჰაკათონი) გაიმართება. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები განმარტავენ, Night Lab-ში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს ინოვაციური და უნიკალური იდეა და სურვილი, საკუთარი იდეა რეალობად აქციოს.

Night Lab არის ინოვაციების ხელშემწყობი რეგულარული საჯარო ღონისძიებების სერია, რომლის ფარგლებშიც კრეატიული ადამიანები იკრიბებიან, ახდენენ პროდუქტის ან ბიზნეს მოდელის იდეების გენერირებას და ღონისძიების ფარგლებში მას აღასრულებენ ან გარკვეულ ეტაპამდე მიჰყავთ. სერიის მიზანია, ღამის ეკონომიკის ჭრილში, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს პროექტებისა და პროდუქტების განვითარება, ინოვაციური იდეების გენერირება და ხელშეწყობა.

შერჩეულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ 29-31 მარტს, 48 საათის განმავლობაში გუნდური მუშაობის შედეგად და კომპეტენტური მენტორების ზედამხედველობის პირობებში შექმნან ციფრული სერვისები, პროდუქტის პროტოტიპები, აპლიკაცია/ვებგვერდები, მოწყობილობები, ან მონაცემების მოძიებისა და ვიზუალიზაციის საშუალებები, რომლებიც რელევანტური იქნება ღამის ეკონომიკის გაძლიერებისთვის, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტებს სპეციალურად შერჩეული ჟიური შეაფასებს, რომელიც ყოველ ჯერზე დაკომპლექტდება შვიდი პროფესიონალი კადრით კრეატიული, ტექნოლოგიური და ბიზნეს სფეროებიდან.

გამარჯვებულ გუნდებს წინასწარ გამოცხადებული ფულადი ჯილდო და სხვა პრიზები გადაეცემათ. დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტისა და თბილისის სტარტაპ ბიუროს Facebook გვერდებს.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.