ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნიკა ვაჩეიშვილი: მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო ტურისტები პრეტენზიებს გამოთქვამენ
04 მაისი, 2022

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ახლა უკვე „ატენური მარნის“ დამფუძნებელი ნიკა ვაჩეიშვილი მოახლოებულ ტურისტულ სეზონს „ბიზნესპარტნიორთან“ მიმოიხილავს და აცხადებს, რომ ქვეყანა ტურისტების მისაღებად მზად არ არის.

მისი განცხადებით, მთელი სირთულე  მდგომარეობს იმაში, რომ ადგილობრივი,ცენტრალური ხელისუფლება და კერძო სექტორი ერთ ენაზე არ საუბრობს.  

როგორც ვაჩეიშვილი აცხადებს, მაგალითად, მცხეთიდან ბორჯომამდე, გზების დაუსრულებელმა რეაბილიტაციამ ტურიზმის მიმართულებით არასაიმედო მოლოდინები შექმნა. ამას ემატება რეგიონში არსებული ომი, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს.

„ჩვენამდე მოსასვლელი გზა კატასტროფულია, წლებია ასეთ მდგომარეობაში ვართ. ვინც მოდის ისიც მიკვრის, ასეთ პირობებში როგორ მოდიან. ტურისტების წუხილია ჩვენს ქვეყანაში სველი წერტილების  არ არსებობა, გაუმართავია გზები, არ არის მაფრთხილებელი ნიშნები. სახელმწიფო ტურიზმისთვის ინფრასტრუქტურულად არ ემზადება.

ასეთ დალეწილ გზებზე როგორ შეიძლება ტურიზმზე ილაპარაკო. თუმცა, მაინც საქართველოს ბუნება და კერძო სექტორის თავადადება საქმეს შველის. ასეთ სიტუაციაში მოლოდინებზე საუბარი რთულია,“-აცხადებს ვაჩეიშვილი.

კითხვაზე,რას სთავაზობს ქვეყანა ჩამოსულ ტურისტს, ვაჩეიშვილი განმარტავს, რომ შეთავაზება მხოლოდ კერძო სექტორის მხრიდან ლოკალურ ძალისხმევაში გამოიხატება.

„ვერ ვხედავ, რომ ქვეყანა ემზადება ტურისტული სეზონისთვის, რომ რაღაც კეთდება. ამიტომ, კერძო სექტორი ვცდილობთ ხარისხი არ დავაგდოთ და ჩამოსულ სტუმარს ხარისხიანად ვუმასპინძლოთ,“-აცხადებს ვაჩეიშვილი.

მისი ინფორმაციით, სიტუაციას ამძიმებს რუსეთ-უკრაინის ომიც, რის გამოც უცხოელი ტურისტები „ატენურ მარანში“  ჯავშნებს  აუქმებენ. თუ აქამდე ავსტრალიიდან და ევროპის  ქვეყნებიდან სტუმრები ჯგუფური ტურებით ჩამოდიოდნენ, ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.  არის შემთხვევები, როდესაც დასასვენებლად მხოლოდ  1 ადამიანი ჩამოდის. 

„მიუხედავად ამისა, საკმაოდ სტაბილურდაა მცირე საოჯახო ვიზიტები. ჩვენს შემთხვევაში ძალიან დიდი ინტერესია  საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოს ოფისების თანამშრომელთა მხრიდან. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ფაქტობრივად კვირაში რამდენჯერმე ვასპინძლობთ. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო საფრანგეთის და გერმანიის საელჩოები, სხვადასხვა ფონდები. დამაიმედებელია, რომ წყვეტა არ არის. თითქმის ყოველდღე საქმე გვაქვს და ეს კარგია. ტურისტული ნაკადები შემცირდა, თუმცა, თავი გაგვაქვს. შემოსავლებმა იკლო, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება,“-აცხადებს ვაჩეიშვილი.

შეგახსენებთ, ატენში, ნიკა ვაჩეიშვილმა მარანი 2013 წელს გააშენა. ამას მოჰყვა  2016 წელს პატარა, 6 ნომრიანი გესთჰაუსის აშენება, რომელიც მას შემდეგ გაფართოვდა და სასტუმრო ახლა უკვე 19 ნომრიანია.

ვაჩეიშვილის განცხადებით, 3.5 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენებულია ჩინებულის, გორული მწვანის და თავკვერის ჯიშის ვენახები, ღვინის დაყენება კი ტრადიციული მეთოდით ხდება. მეურნეობაში წარმოებული ღვინის ძალიან მცირე ნაწილი იყიდება თბილისში ნატურალური ღვინის მაღაზიებში, დანარჩენის რეალიზება კი ადგილობრივად, მეურნეობაში ხდება.

business-partner.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.