ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნიკო დადიანის სასახლე პირვანდელ იერსახეს იბრუნებს
28 ივნისი, 2018

სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის სასახლე პირვანდელ იერსახეს იბრუნებს.

უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. ფიზიკური სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბრისთვის იგეგმება.

რეაბილიტაციის დაწყებამდე ევროპული სტილის სასახლე, რომელსაც ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი აქვს, წლების განმავლობაში დანგრევის პირას იყო მისული და ბოლო პერიოდში ვიზიტორებს უსაფრთხოების მიზნით ვეღარ იღებდა.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, განსაკუთრებულ პრობლემას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სახურავიდან ჩამონადენი წყალი და მიმდებარე ტერიტორიაზე დაგროვილი წვიმის წყალი უქმნიდა, რომელიც საძირკველს აზიანებდა.

3 წლიანი რეაბილიტაციის ფარგლებში სასახლეში გამაგრდა შენობის კონსტრუქციული სეგმენტები. შეიცვალა სახურავი. განახლდა სართულშუა კოსტრუქციები და იატაკი. სარდაფები გაიწმინდა მიწისა და ნაგვის მასისაგან, რაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინტერიერის ბუნებრივი ვენტილაციის საშუალებას ქმნიდა. შენობის ქვედა სართული მოპირკეთდა ავთენტური წყობისა და ფორმის ძველი ქართული აგურით. მოეწყო სავენტილაციო, კონდიცირებისა და გათბობის თანამედროვე კომუნიკაციები. სასახლის ექსტერიერი მთლიანად გაიწმინდა ძველი, დაზიანებული ნალესობისგან, რომლის ნაცვლად შენობის ფასადები სრულად შეილესა და დამუშავდა ჰიდროსაიზოლაციო ხსნარებით. სასახლეში სრულად რესტავრირდა ავთენტური კარ-ფანჯრები. მიმდინარე სარეაბილიტაციო ეტაპის ფარგლებში სასახლეში ამჟამად მიმდინარეობს ფასადებისა და ინტერიერის სამღებრო სამუშაოები. უკვე სრულადაა შეცვლილი შენობის ამორტიზებული ხის მოსაპირკეთებელი კონსტრუქციები. ახლიდან მოეწყო აივნების მზიდი კონსტრუქციები, რომლებიც ხის მასალით შეიმოსა. მოეწყო შენობის სადრენაჟო სისტემა. ნიკოსეული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშოებზე, რომელსაც არქიტექტორ-რესტავრატორი მერაბ ბოჭოიძის ხელმძღვანელობით შპს „ტაო-ტბელი“ ახორციელებს, 2 მილიონ ლარამდე თანხა იხარჯება.

სარეაბილიტაციო პროცესის დასრულების შემდგომ, ნიკო დადიანის სასახლის ინტერიერში ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და მისი ადმინისტრაცია დაიდებს ბინას.

ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაციის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დადიანების სამუზეუმო კომპლექსის მთავარი ნაგებობის - ეკატერინე დედოფლის სასახლის რეაბილიტაციის დაწყებასაც გეგმავს. სააგენტოს ინიციატივით უკვე მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, ორგანიზაცია „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრისა“ და „იკომოს საქართველოს“ მიერ განხორციელდა.

დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს სასახლე-კომპლექსშია მოთავსებული და ის 4 ძირითად ობიექტს მოიცავს: დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული ბოტანიკური დეკორატიული ბაღი. ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ. ორსართულიანი რეზიდენცია გამოარჩევს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი. მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ –საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია–მონასტრებიდან გადმოტანილი ქართულ სიძველეთა ბაზაზე.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.