ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნიკო დადიანის სასახლის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება
14 თებერვალი, 2018

სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის სასახლე პირვანდელ იერ-სახეს იბრუნებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება გაზაფხულზე იგეგმება.

ევროპული სტილის სასახლე ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზით წლების განმავლობაში დანგრევის პირას იყო მისული. უსაფრთხოების მიზნით, ბოლო პერიოდში სასახლეში ვიზიტორებს ვეღარ იღებდნენ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ნიკოსეულ სასახლეს განსაკუთრებულ პრობლემას როგორც სახურავიდან ჩამონადენი წყალი, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე დაგროვილი წვიმის წყალი უქმნიდა. წყალი სარდაფში ჩაედინებოდა და საძირკველს აზიანებდა. ბოლოს სასხლეში რემონტი 90-იან წლებში ჩატარდა.

ხელოვნების მუზეუმის დირექტორის გიორგი კალანდიას თქმით, ბოლო რემონტი აქ ჩაატარა საბჭოთა ორგანიზაცია „ინტურისტმა“, რომელმაც სასახლე განადგურების პირამდე მიიყვანა.

პროექტის ხელმძღვანელის მერაბ ბოჭოიძის თქმით, ამჯერად მიდგომა ისაა, რომ აღდგეს არა მარტო თავდაპირველი ფორმები და ვიზუალი, არამედ ძირითადი კონსტრუქციებიც და ტექნოლოგიებიც მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.

ნესტისაგან თითქმის დანგრეული ნაგებობის რეაბილიტაცია და აღდგენა „ქართუ ჯგუფმა” კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად დაიწყო.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.