ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი სვანური კოშკების რეაბილიტაციაზე: ხელისუფლებას სამოსნების ხედვა აქვს, კულტურული ძეგლების რეაბილიტაცაში არითმიული ტემპია
14 აგვისტო, 2019

“სვანეთში მე რაც ვნახე,  რამდენიმე კოშკი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და დროზე სჭირდებოდა ჩარევა, რომ არ დანგრეულიყო. ასევე, ვიცი, რომ ნულამდე დანგრეული კოშკი თითქმის თავდიდან ააშენეს, მაგრამ ეს უაზრობაა. ჯობია ძველი გააკეთო ვიდრე ახალი ააშენო. ამიტომ , ხელისუფლებას სტრატეგიულ ხედვაში და ოპერატიულობაში პრობლემები აქვს,  თავს ვერ აფერს აბამენ. — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი უშგულში მიმდინარე საპროტექსტო აქციებსა და სვანური კოშკების რეაბილიტაციის პროცესს ასე აფასებს.

უშგულში საპროტესტო აქციები უკვე ორი დღეა მიმდინარეობს. მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ისინი ადგილობრივები ხელისუფლებისგან ისტორიული კოშკების რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას და სხვა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კოშკებისა და მაჩუბების 90 პროცენტი საგანგაშო მდგომარეობაშია.

უშგულში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით,  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ:

მიმდინარე წელს, რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მესტიის რამდენიმე თემში10 საგვარეულო მაჩუბი, 8 კოშკი და 2 არქიტექტურული კომპლექსი აღდგება, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ყავარის და ფიქალის ქვის გადახურვა სრულად შეიცვლება და განახლდება. ნაგებობათა დაზიანებულ სეგმენტებზე დაიშლება და კირ-დუღაბით ხელახლა აღდგება გამოფიტული კედლების საპირე წყობა. მშრალი ქვის წყობის კრიტიკული ბზარები შეივსება და ფარული რკინა-ბეტონის კონსტრუქციითა და რკინის სალტეებით გამაგრდება. სრულად შეიცვლება გადახურვის ხის კონსტრუქციები, რომლებიც ჰიდროსაიზოლაციო მასალით დაიფარება და ანტისეპტიკურად დამუშავდება. კირ-დუღაბის ხსნარით გაძლიერდება მაჩუბებისა და ციხე-კოშკების ნაწილის საძირკვლები. იატაკის ფენილი მრგვალი ხე-მასალით სრულად აღდგება მაჩუბების სართულშუა გადახურვის ხის კონსტრუქციები. შეიცვალება ნაგებობების ხის კარები, რომლებიც ავთენტური ფორმით დამზადდება და ნაჭედი რკინა-კავეულით გაეწყობა. წელსვე განხორციელდება იფარის მთავარანგელოზის ეკლესიის გალავნისა და სამოლოცველოს სარესტავრაციო სამუშაოებიც. სარეაბილიტაციო სვანური კოშკებისა და მაჩუბების ნაწილის სარესტავრაციო სამუშაოები სვანურ სოფლებში ივლისის თვიდან დაიწყება და მიმდინარე წელსვე დასრულდება. სახელმწიფო პროგრამა სვანური არქიტექტურული ნაგებობების რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან მილიონ ექვსასი ათასი ლარის გამოყოფას ითვალისწინებს. სვანური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის კომპლექსური პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ სარეაბილიტაციო სამუშაოები განვლილ წლებში მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც განახორციელა, სადაც 4 წლის განმავლობაში უკვე აღდგა 80 – მდე სვანური ტრადიციული საცხოვრისი და საკულტო ნაგებობა. არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს. სვანური არქიტექტურული ნაგებობების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2020 წლისთვის უკვე ამზადებს სარეაბილიტაციო-საპროექტო დოკუმენტაციას, რაც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების 33 კოშკთან და მაჩუბთან ერთად 2 ეკლესიის (უშგულის ლამარიას ეკლესიისა და წმ კვირიკეს სახელობის ეკლესია) რესტავრაციას ითვალისწინებს.

მიუხედავად, ამისა  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილ გენერალურ დირექტორი მიიჩნევს, რომ ძეგლების რეაბილიტაცია განსაკუთრებით კი სვანეთში არასწორი პოლიტიკით ხორციელდება და დროში იწელება, არ არსებობს სტრატეგიული ხედვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად და გაუაზრებლად ნაწილდება რესურსები მათი რეაბილიტაციისთვის.

„რადგან ასეთი საპროტესტო ტალღა აგორდა უშგულის კოშკებთან დაკავშირებით ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული პრობლემები გამოსასწორებელია სისტემაში. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბევრ დროს კარგავენ ისინი, ვინც უნდა იმოქმედონ ამ საკითხთან დაკავშირებით. დიდი ხნის მანძილზე ემზადებიან ქმედებისთვის და ეს ქმედების დრო ვერ მოვიდა ვერასდროს.  მიუხედავად იმისა, რომ წერტილოვნად კეთდება რაღაცები, მაინც არითმიული ტემპია, შეიძლება მესამედ გათხარონ უკვე გათხრილი არქეოლოგიური ძეგლი ან რაღაც ნანგრევი, რომელიც აღარ ინგრევა იმას ეტაკნონ და გააკეთონ , დახარჯონ დიდი ფული, ხოლო იმ  ისტორიულ ძეგლს, რომელიც ერთ საათში ინგრევა, არ იმჩნევენ. ხელისუფლებას სამოსნების ხედვა აქვს,“ – აცხადებს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.

როგორც უშგულის აქციაზე აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ დროულად არ მიექცევა ყურადღება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, სვანული ისტორიის ნაწილი განადგურდება.

ივლისის ბოლოს კოშკი უშგულის თემის სოფელ მურყმელში ჩამოინგრა. მსგავსი ფაქტი 2017 წელსაც მოხდა.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.