ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნინო თანდილაშვილი: ჩვენ უნდა შევქმნათ და გავაფართოვოთ ქვეყანაში დაცული ტერიტორიების ქსელი
04 იანვარი, 2024

„გარემოს დაცვის მიმართულება ევროპული ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია,“ - ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილი „ბიზნესი რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, დაახლოებით 27 რეგულაციაა, რომელთა დაახლოებაც გვიწევს ასოცირების შეთანხმებით. აქედან 20-თან  ეროვნული კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია, დანარჩენ საკითხებზე კი მუშაობა გრძელდება.

როგორც თანდილაშვილი აცხადებს, მიღბულია ახალი კანონმდებლობა, რომელიც  სამრეწველო ემისიებს შეეხება.ასევე ახალი რეფორმა ტყის სექტორში; ახალი კანონმდებლობა წყლის რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე, სიახლეებია გარემოს დაცვის პასუხისმგებლობის ნაწილში - წლის ბოლოს მთავრობამ მოიწონა "ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონი", რომელიც ნინო თანდილაშვილის განმარტებით, სრულად ასახავს ევროკავშირის ბიომრავალფეროვნების დაცვის პრინციპებს და პირდაპირპროპორციულ კავშირშია დაცული ტერიტორიების და ბუნების დაცვის საკითხებთან.

„ჩვენ უნდა შევქმნათ და გავაფართოვოთ ქვეყანაში დაცული ტერიტორიების ქსელი. ყველას გვესმის, რომ საქართველო არის გამორჩეული ქვეყანა თავისი ბუნებითა და ბიომრავალფეროვნებით. ამას, ერთი მხრივ, მოფრთხილება სჭირდება, მაგრამ, ასევე, მიზნობრივად გამოყენებაც, ეკოტურისტული პოტენციალის გაზრდა, რაც რეგიონულ განვითარებას უწყობს ხელს. ეს არის სწორედ ის ევროპული მიდგომა, რაც ძალიან ბევრ ევროპის ქვეყანაშია დანერგილი და აპრობირებული, რომ როდესაც დაცული ტერიტორიები იქმნება, ამას თან სდევს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს ქმნის რეგიონში მიზიდულობის ცენტრს, რეგიონში დასაქმების შესაძლებლობას და ახალ შესაძლებლობებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის - მცირე და საშუალო სასტუმროების მშენებლობას, კვების ობიექტების განვითარებას,“- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით, 1 200 კმ-იანი ბილიკი ეწყობა დაცულ ტერიტორიებზე და არაერთი ეკოტურისტული პროექტი. მათ შორის: ბალდის კანიონზე იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც კერძო სექტორსაც აძლევს საშუალებას კონკრეტული ეკოტურისტული სერვისები შესთავაზოს მოქალაქეებს. მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, ეს ხსნის შესაძლებლობებს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც.

"ჩვენი მოსახლეობისთვის რომ გასაგები იყოს - აუცილებელია ბუნების დაცვასთან ერთად, კერძო სექტორსაც მივცეთ საშუალება განავითაროს კონკრეტული ეკოტურისტული სერვისები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას ადგილზე ტერიტორიების გამოყენების უფლება შეეზღუდება, პირიქით, ეს კიდევ დამატებითი სარგებლის მომტანი იქნება მათთვის,“- აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა

 

bp.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.