ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ნინოსხევის ჩანჩქერამდე ახალი ბილიკით შეძლებთ მისვლას.
როგორც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა გიორგი სულამანიძემ "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, ახალი ბილიკის დასაწყისიდან 1 კმ-ში მოეწყო საკარვე ადგილი, საპირფარეშო, ფანჩატური. ბილიკზე არის ასევე მოსასვენებელი ადგილები (სკამები).
"ძველ ბილიკზე მდინარის რამდენჯერმე გადაკვეთა იყო საჭირო. ხშირად ხდებოდა მდინარის მოულოდნელი ადიდებაც. შესაბამისად, ახალი ბილიკის გაკეთების ერთ-ერთი მიზანი იყო, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი. ახალი ბილიკი ისე გაიჭრა, რომ მდინარის გადაკვეთა მხოლოდ ერთხელ გიწევს. ამ ეტაპზე ერთი მარტივი ტიპის საფეხმავლო ხიდია გაკეთებული, ადრე ასეთი 5-6 გვჭირდებოდა. მაგრამ ვმუშაობთ, რომ შედარებით კაპიტალური და კარგი ხიდი გაკეთდეს.
ბილიკის სიგრძე გაიზარდა, კიდევ უფრო საინტერესო და ლამაზი მონაკვეთების ნახვაა შესაძლებელი. ახალ სეზონს ახალი ბილიკით შევხვდებით", - აღნიშნა გიორგი სულამანიძემ.
გიორგი სულამანიძის ინფორმაციით, ახალი ბილიკის ერთი გზა 8 კილომეტრია, სიგანე 1.20 მ. ბილიკის დასაწყისი სოფელი ხიზაბავრას დასასრულიდან იწყება. ლაგოდეხამდე, ცენტრალური საავტომობილო გზიდან დაახლოებით 4 კმ. ასფალტირებული გზა მიდის საფეხმავლო ბილიკის დაწყებამდე. ბილიკის დასაწყისში საინფორმაციო დაფაა განთავსებული, იქვეა რეინჯერთა სადგური.
გარდა ამისა, გიორგი სულამანიძის თქმით, უშუალოდ ჩანჩქერთან არის ერთგვარი მოედანი, სადაც უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესების მიზნით მოაჯირი გაკეთდა.
გიორგი სულამანიძის რეკომენდაციაა ,ვიზიტორებმა ძველი ბილიკით აღარ ისარგებლონ.
"საინფორმაციო დაფაზე, სადაც ბილიკის დეტალური აღწერილობაა, წერია ვიზიტორთა ქცევის წესები. იქ არის რეკომენდაციები, როდესაც ადამიანი გადაწყვიტავს დაცულ ტერიტორიაზე ლაშქრობას, მან უნდა დაიცვას დაცულ ტერიტორიაზე მოქცევის წესები - არ უნდა გადავიდეს მონიშნული ბილიკიდან, არ შეიძლება იარაღით გადაადგილება, ხმაური. ეს უნდა გაითვალისწინონ. დაცული ტერიტორიების მთავარი მიზანია, კონსერვაცია და ის ადამიანები, ვინც ამ ტერიტორიას სტუმრობენ, უნდა იყვნენ ბუნების ელჩები, ზრუნავდნენ დაცულ ტერიტორიაზე. ძველ ბილიკზე მონიშნვაც აღარ იქნება. ბილიკის გადაკეტვა ფიზიკურად ვერ მოხდება, მაგრამ რა თქმა უნდა რეკომენდირებული არ არის ძველი ბილიკით ისარგებლონ. ვინც რეკომენდაციას არ შეასრულებს, უკვე მისი პასუხისმგებლობა იქნება ის რისკები. მაგრამ თავისთავად რეინჯერებსაც შეუძლიათ ამ დროს რეაგირება მოახდინონ", - აცხადებს გიორგი სულამანიძე.
business-partner.ge