სასურველი იქნება თუ უვიზო რეჟიმის ამოქმედებას სახელმწიფოების ჩართულობა მოჰყვება, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია "ნოვა ტურის" დამფუძნებელმა მამუკა ჯიქიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ჩინეთის მიმართულება ჯერჯერობით ყველასთვის საქმიან/ბიზნეს ტურიზმთან ასოცირდება.
"უვიზო მიმოსვლის ამოქმედება ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია. ნებისმიერი მიმართულების განვითარებას იმისთვის, რომ ტურიზმი განვითარდეს და საქართველოს მოქალაქეებმა მასიურად ამ მიმართულებით იარონ საკმაოდ დიდი ძალისხმევა, დრო და გარკვეული ფინანსური ინვესტიციის ჩადება სჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში არაერთი საინტერესო კურორტია ამის შესახებ ქართულ მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვთ.
სასურველი იქნება თუ უვიზო რეჟიმის ამოქმედებას სახელმწიფოების ჩართულობა მოჰყვება იმ კუთხით, რომ მოხდეს კონტაქტების გაცვლა, ჯგუფების წაყვანა და საინფორმაციო-პრესტურების დაორგანიზება იმისთვის, რომ ახალი მიმართულების ადგილზე გაცნობის შემდეგ ჩვენთვის გაცილებით მარტივი იქნება ამ მომსახურების და პროდუქტის ქართველი მომხმარებლებისთვის შეთავაზება. სხვა შემთხვევაში მე არ მგონია, რომ ჩინეთის მიმართულებით უვიზო რეჟიმის შემოღებამ აფეთქება გამოიწვიოს, რადგან ეს მიმართულება ყველასთვის ასოცირდება საქმიან/ბიზნეს ტურიზმთან. რაც შეეხება დასვენებით ტურიზმს - ამის განსავითარებლად გარკვეული ნაბიჯები იქნება გადასადგმელი", - განაცხადა მამუკა ჯიქიამ.
ცნობისთვის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ დაჰყონ 30 დღე ზედიზედ.
შეგახსენებთ, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა. ამასთან, საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გაფორმდა.
bp.ge