ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობა მცირე მარნებზე დგას
25 მაისი, 2022

ღვინის კომპანია ,,ობენე“ ჩხოროწყუში კოვიდამდე პერიოდში შეიქმნა, თუმცა მისი პირველი გასვლა ევროპაში და ახალი გამოწვევები სწორედ პანდემიურ პერიოდს უკავშირდება. ჩხოროწყუელი მეღვინე  მიშა ცირდავა ღვინოს უიშვიათესი მეგრული ვაზის ჯიშებისგან ამზადებს. ჭვიტილური, ჩეხარდანი  და კოლოში ამ რამდენიმე წლის წინ ჯერ სამეგრელოს სოფლებში მოიძია, შემდეგში სოფელ მუხურში, საკუთარი საოჯახო მარნის ,,ობენეს“ ტერიტორიაზე გააშენა.

,,ჩემი საქმიანობის ორიენტირია ისეთი ღვინოები, რაც მივიწყებული იყო. ძველი ჯიშების შერჩევისას აქცენტი ადგილწარმოშობის სახეობებზე გავაკეთე.  სხვა გარემოში გამოყვანილი ნერგები ბუნებრიობას კარგავენ, ამიტომაც ვარჩიე მივიწყებული ჯიშების მოძიება და გაცოცხლება, განსაკუთრებით კი  ჭვიტილურით და კოლოშით დავინტერესდი, რომლებიც უნიკალურ სახეობებს წარმოადგენენ. დამზადების მეთოდიც წმინდა მეგრულ ტრადიციებს ემყარება. საწარმოს სახელწოდებაც მეგრული სიტყვიდან ავიღე - ობენე მარანს ნიშნავს. დასავლეთ საქართველოში მარანი ძირითადად ღია ცის ქვეშ კეთდებოდა, აქვე იყო სარიტუალო ხეც,  რომლის სიახლოვესაც აღესრულებოდა სხვადასხვა სარიტუალო ღონისძიება - ნათლობა, ჯვრისწერა და სხვა. აქამდე ძველი სახეობის ღვინოებს  სამეგრელოში მხოლოდ ოჯახებში აწარმოებდნენ, დაყენების ტრადიციაც კი მივიწყებული იყო. მოძიება რომ დავიწყე გაგვიჭირდა, მარტო ინფორმაციების თავმოყრას ორი წელი მოვანდომე“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ მიშა ცირდავა.

დღეს მისი პროდუქცია ,,ობენეს“ ბრენდით იყიდება ძირითადად აშშ-სა და ევროპის ბაზრებზე. კომპანიის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ მცირე მარნებისთვის ამ ბაზრებზე გაცილებით მეტი შესაძლებლობებია.

,,ბოლო წლების განმავლობაში, პანდემიური პერიოდის მიუხედავად,  ღვინის რეალიზაცია გაიზარდა, განსაკუთრებით  მცირე მარნებისთვის. ჩვენი წარმოების აქტიური დაწყება სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა. თუმცა პრეზენტაციები და პირველი შეკვეთები მოვასწარით. ცხადია,  ქარხნებს და მსხვილ საწარმოებს მეტი შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვართ ქარხანა. ეს არის მცირე მარანი, რომელიც  მაღალი ხარისხის იშვიათ ღვინოებზეა ორიენტირებული, მაგრამ გლობალურ ბაზრებზე საქართველოს ცნობადობას სწორედ ეს სეგმენტი განსაზღვრავს. ქართული მეღვინეობა ქვეყნის გარეთ სწორედ ასეთ პატარა და საშუალო მარნებზე დგას. დიდი საწარმოები ბევრია, ისედაც იცნობენ, არავის აინტერესებს, საქართველომ ამ მხრივ კონკურენცია ბევრს ვერავის გაუწევს, მაგრამ  ახალი სახეობებით, სიახლეებით, ახალი სიტყვით ყოველთვის იტყვის ღირსეულ სათქმელს ნებისმიერ ადგილას.  პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენი მცირე უნიკალური ღვინოებით უნდა წარვდგეთ დიდი აუდიტორიის წინაშე“, - ამბობს მიშა ცირდავა ,,კომერსანტთან“.

მეღვინე სამეგრელოში რეგიონული ფესტივალის ჩატარებას გეგმავს. იდეის ინიციატორი მიშა ცირდავა ღონისძიებას, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე გეგმავს, რაც მეგრული ღვინოების პოპულარიზაციას და განვითარებას მოემსახურება.

,,ჩემი მიზანია, სამეგრელოს კულტურულ ღირებულებებს გავუსვა ხაზი და იმ შესაძლებლობებს, რაც რეგიონში ღვინის წარმოებასთან დაკავშირებითა არსებობს. აქტიური კომუნიკაცია აქამდე პანდემიის გამო ჭირდა. ფიზიკურად არ შეიძლებოდა გადაადგილება. ახლა ყველაფერი გაიხსნა და წინ წავალთ, მაგრამ მთავარია ასევე, რომ უკრაინის ომი დასრულდეს და მშვიდობა დამყარდეს. მართალია, ჩვენ არ ვყიდდით ღვინოს უკრაინაში, ამ მხრივ ჩემს წარმოებაზე ომის შედეგი ფინანსური თვალსაზრისით  არ ასახულა, მაგრამ ირიბი გავლენა ნამდვილად არის, როგორც ეს მთელ მსოფლიოზე აისახა. მორალურადაც გვიჭირს შეგუება იმასთან, რაც დღეს უკრაინაში ხდება. საბოლოოდ, რაიმე შემაფერხებელი გარემოებები თუ არ იქნა, არაფერი შეგვიშლის ხელს დასახული გეგმის განხორციელებაში - მოვაწყოთ ღვინის მინი ფესტივალი სამეგრელოში,  კულტურულ ღირებულებებს გავუსვათ ხაზი და მეტად ცნობილი გავხადოთ კოლხური მეღვინეობა, რაც ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებშია“, - დასძენს მეღვინე.

ცნობისთვის, მეგრული ვაზის ჯიშების მოძიება მიშა ცირდავამ 2016 წლიდან ოჯალეშით დაიწყო და 2018 წელს უკვე სარეალიზაციოდ ჩაეშვა რამდენიმე სახეობის კოლხური ღვინო.

თავდაპირველი წარმოება შეადგენდა 500 ბოთლ ღვინოს, ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი 3000-ს შეადგენს.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი  აღნიშნავს, წარმოებული ღვინო პრემიუმ კლასს მიეკუთვნება, რომელზეც დიდი მოთხოვნაა ევროპაში.

რაც შეეხება ფასს, ერთი ბოთლი ღვინო 50–დან 100 დოლარამდე ღირს.

ადგილობრივ ბაზარზე მისი ფასი საშუალოდ 270 ლარია.

ამ ეტაპზე ,,ობენეს“ ღვინოები ექსპორტზე გადის აშშ-ში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში.

ცნობისთვის, კოლოში, ჭვიტილური, ჩექობალი, მაჭვატური და კიდევ 60- მდე სახეობის ვაზი ხარობდა სამეგრელოს მთიან ნაწილში, ისტორიული წყაროების მიხედვით, აქ საუკეთესო ღვინოს აყენებდნენ, თუმცა მეგრული ჯიშების დიდი ნაწილი განადგურდა, რის გამოც მეგრულ ღვინოს ნაკლებად იცნობენ.

commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.