30 მაისს, წინანდალში, კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონული ფორუმი გაიმართება
2019 წლის 30 მაისს, წინანდალში, სასტუმროში „რედისონ კოლექშენ“ კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონული ფორუმი გაიმართება, რომელშიც 20-ზე მეტისაერთაშორისო და 150-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის(DMO)მხარდაჭერით ტარდება.
როგორც „კომერსანტს“ სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ აცნობეს, ფორუმის მიზანია პოტენციური ინვესტორებისთვის კახეთის რეგიონში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა. ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა რეგიონალურ და გლობალურ დონეზე. ამასთანავე, ფორუმის მონაწილეები საგარეო ვაჭრობის განვითარებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზებზე იმსჯელებენ.
სააგენტოს ინფორმაციით, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და სხვა სამთავრობო უწყების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. ფორუმის სამუშაო სესიებზე ყურადღება გამახვილდება ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: სოფლის მეურნეობის პოტენციალი კახეთის რეგიონში, საინვესტიციო შესაძლებლობები ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში. ბიზნესფორუმის ერთ-ერთი პანელი განახლებადი ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების სექტორებში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს მიეძღვნება.
კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონალური ფორუმი 2019 მიესალმება საერთაშორისო ინვესტორებს. ღონისძიება იქცევაპლატფორმად საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება საინვესტიციო შესაძლებლობების და პარტნიორობის მოძიება რეგიონში.
Commersant.ge